ახალი ამბები

კალაძე მოხალისეობის მსურველებს იწვევს

18 მარტი, 2020 • 1151
კალაძე მოხალისეობის მსურველებს იწვევს

თბილისის მერი კახა კალაძე მოხალისეობის მსურველებს მერიის დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას სთავაზობს. დედაქალაქის მერის თქმით, ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ დღეს საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან და რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების დახმარების სურვილი საჭიროებს სწორად რეალიზებას:

“რაც გინდა, კეთილი ზრახვა გვამოძრავებდეს, თუ არ გვექნება ზუსტი ცოდნა, თუ როგორ დავეხმაროთ რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, მოხდება ისე, რომ მათ არათუ პრობლემას მოვუხსნით, პირიქით, პრობლემას გავუღრმავებთ და საფრთხის წინაშე დავაყენებთ. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მოხალისეების უსაფრთხოება” ,- ამბობს კახა კალაძე.

დედაქალაქის მერი მოუწოდებს ახალგაზრდებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, ვისაც სურვილი აქვს, მიიღოს მონაწილეობა და ჩაერთოს მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, დარეკონ დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზზე: (032) 2 72 22 22, სადაც მიაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ უნდა იმოქმედონ:

“წითელი ჯვრის დახმარებით მოხდება თქვენი გადამზადება, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ ყველა იმ ღონისძიების დროს, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. გექნებათ სრული მხარდაჭერა და თანადგომა, რათა იყოთ სრულად მომზადებული, რომ არ დააზიანოთ საკუთარი თავი და რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები.

ასე, ერთობით, ორგანიზებულად, საჭირო ცოდნით შეიარაღებული, შევძლებთ, გავუმკლავდეთ ამ რთულ გამოწვევას. ყველანი ვთანხმდებით, რომ დღეს ჩვენ ავტობუსების ან საწვავის ნაკლებობა ნამდვილად არ გაგვაჩნია, აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდა. მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია, ერთობა, რადგან ყველამ ერთად უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ გადაადგილებისგან, თუ ამის აუცილებელი საჭიროება არ არსებობს” ,- ამბობს კალაძე.


18 მარტის შუადღის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 38 შემთხვევაა რეგისტრირებული, საიდანაც 1 გამოჯანმრთელდა. საკარანტინო რეჟიმშია 1 300-ზე მეტი ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 200-ზე მეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი