ახალი ამბები

რუსეთში ოპოზიციონერს 8 წელი „არმიის შესახებ ფეიკების“ გავრცელებისთვის მიუსაჯეს

9 დეკემბერი, 2022 • 796
რუსეთში ოპოზიციონერს 8 წელი „არმიის შესახებ ფეიკების“ გავრცელებისთვის მიუსაჯეს

რუსეთის სასამართლომ ადგილობრივ ოპოზიციონერს, ილია იაშინს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ „ფეიკების“ გავრცელების გამო, 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

პროკურატურა 9-წლიან პატიმრობას ითხოვდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელის მოხდის შემდეგ, იაშინს ინტერნეტის გამოყენება 4 წლით აეკრძალება.

გამოძიება აპრილში იაშინის მიერ ინტერნეტ-სივრცეში მოწყობილ ჩართვის, ე.წ. „სტრიმის“ გამო დაიწყო, სადაც პოლიტიკოსი უკრაინაში, ბუჩაში ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ საუბრობდა.

რუსეთის პროკურატურის თანახმად, იაშინმა იცოდა, რომ ის ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა და ასევე იცოდა, რომ ბუჩაში რუსეთი „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ შენარჩუნებას ცდილობდა.

უკრაინული და დასავლური სახელმწიფოების თანახმად, რუსმა სამხედროებმა  ბუჩაში, ირპენში, ხერსონსა და სხვა უკრაინულ ქალაქებში მიზანმიმართულად აწამეს, გააუპატიურეს და დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი „დანაშაულს“ არ აღიარებს. მისი განცხადებით, „სტრიმისას“ მან უკრაინისა და რუსეთის ოფიციალური პოზიციების შესახებ ისაუბრა და ასევე ახსენა დამოუკიდებელი ჟურნალისტების ცნობები.

იაშინი უკრაინაში ომის დაწყებას ეწინააღმდეგებოდა. ასევე დაკავებამდე არ ტოვებდა რუსეთის ფედერაციას.

„მედუზას“ ცნობით, მსგავსი ბრალდებით დააკავეს ალექსეი გორინოვი, მოსკოვის მუნიციპალური დეპუტატი, რომელმაც, გამოძიების თანახმად, რუსული არმიის შესახებ „ყალბი ცნობები“ გაავრცელა. მას 7-წლიანი პატიმრობა უკრაინიდან ჯარების გამოყვანის მოთხოვნის გამო მიუსაჯეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი