ახალი ამბები

ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობა ფრენების სუბსიდირებაზე ფიქრობს

9 დეკემბერი, 2022 • 632
ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობა ფრენების სუბსიდირებაზე ფიქრობს

ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით,  მთავრობა გარკვეული მიმართულებების ფრენების  სუბსიდირების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ დღეს, 9 დეკემბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განაცხადა.

კაკაურიძეს დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ ჰკითხა, რატომ გახდა უპირატესი უცხოელი მომღერლების ჩამოყვანა და კონცერტების ჩატარებისთვის 70 მლნ ლარის გამოყოფა და არა მაგალითად შშმ პირების დახმარების გაზრდა.

გიორგი კაკაურიძე

პასუხად კაკაურიძემ ტურიზმის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტურიზმიდან დახარჯული თანხა ყველაზე ინკლუზიურია.

„ჩვენ თუ ახლა დამატებით არ მივეხმარეთ და სტიმულები არ გავაჩინეთ, იმისთვის, რომ ვიზიტორები ჩამოვიდნენ საქართველოში და მეტი ფული დახარჯონ, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ტურიზმიდან დახარჯული ფული არის ყველაზე ინკლუზიური ფული, ძალიან ბევრ ადამიანზე ნაწილდება. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენი მიზანია, რომ იმ დინამიკას დავეწიოთ, რაც პანდემიის გარეშე გვექნებოდა.

ამისთვის მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 50%-იანი ზრდა გვჭირდება, რომ იმ დინამიკას დავეწიოთ. თუ ჩვენ გარკვეული ინვესტიციები არ გავაკეთეთ ამ მიმართულებით, თავისით ტურისტი[არ ჩამოვა]. მათ შორის, შესაძლოა, მოგვიწიოს სუბსიდირება ფრენების მიმართულებით, რათა ბევრი ქვეყნიდან პირდაპირი ფრენა იყოს. ასეთი მიმართულებები თუ არ გავაკეთეთ, იმის გამო, რომ მარტო კარგი ბუნებაა, ტურისტების მხოლოდ გარკვეული რაოდენობა ჩამოდის.  რაც ჩამოდის,  იმის იქით ვეღარ გავდივართ“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.


პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა 2023 წლის მაისის ბოლოდან, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, უცხოელი მომღერლების ჩამოყვანას გეგმავს. მისი განცხადებით, მთავრობა  მომდევნო 2 წლის ზაფხულში კონცერტების ჩასატარებლად 70 მილიონ ლარს გამოყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი