ახალი ამბები

ვთხოვ ყველას, მოვიდეს სასამართლოსთან – გიული ალასანია 9 დეკემბრის აქციაზე

8 დეკემბერი, 2022 • 629
ვთხოვ ყველას, მოვიდეს სასამართლოსთან – გიული ალასანია 9 დეკემბრის აქციაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა განცხადება ავრცელებს და საზოგადოებას ხვალ, 9 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე მისვლას სთხოვს. აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

“მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან.

ვთხოვ ყველას გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს მოვიდეს სასამართლოსთან და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატოს პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.

არასოდეს ცხოვრებაში არ მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობის და სულგრძელობის იმედი მაქვს”, – ნათქვამია ალასანიას განცხადებაში.

9 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქციას გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი