„ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არ არის, მე პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ თუ არა“, — ასე გამოეხმაურა უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
„მე მესმის, რომ რუსულ ყაიდაზეა გაზრდილი და მისთვის შეზღუდულია სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა ადამიანის ლაპარაკი. მე მგონია, რომ ცოტა პატივისცემით უნდა მოეპყროს იმ საკითხს, რასაც დღეს „ქართული ლეგიონი“ აკეთებს. ეს არის საქართველოს ინტერესების დაცვა და მეგობრობის გამყარება და მოვუწოდებ, რომ სწორედ ამ პოლიტიკურმა გუნდმა, რომელიც ჩემთვის არა არის მისაღები, დაიცვან საქართველოს ინტერესები და არა რუსული პოლიტიკა გაატაროს საქართველოში. არ ვიცი, რა კომენტარის გაკეთება შეიძლება, როდესაც ადამიანმა არ იცის, რაზე ლაპარაკობს“, — განაცხადა მამუკა მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
რაც შეეხება კონფერენციას ევროპარლამენტში, მამულაშვილის თქმით, არაერთხელ ყოფილა მიწვეული მსგავს ღონისძიებებზე და უსაუბრია, რაც ღარიბაშვილის კომპეტენცია საერთოდ არ უნდა იყოს.
„მე თვითონ პარტიული არასდროს ვყოფილვარ. არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც სხვა რომელიმე პარტიის წევრი არასდროს არ ვყოფილვვარ. რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები. ყველა ადამიანს აქვს… მე მგონი, ჯერ კიდევ, ალბათ, შეგვიძლია საქართველოში გამოვხატოთ ჩვენი ნება და თავისუფლად ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში. მე საერთოდ არ მქონია შეხება პოლიტიკურ პარტიებთან. ერთადერთი ჩემი შეხება იყო ის, რომ ჩემი და იყო პარლამენტის წვერი „ნაციონალური მოძრაობიდან“, რამდენადაც ვიცი, ბოლო ერთი წელი“, — აცხადებს მამულაშვილი.
მამულაშვილის თქმით, „ქართული ლეგიონი“ უკრაინის ჯარში ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფია, რომელიც 33 სხვა ეროვნების ადამიანს აერთიანებს.
„ამას ხედავენ უკრაინელები, ჩვენი დასავლელი მეგობრები, ევროპელები, მაგრამ ამას ვერ ხედავს ღარიბაშვილი, რომელსაც ეს ჰგონია პოლიტიკური პარტია, სამწუხაროდ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დაკავდნენ საქართველოს ინტერესების დაცვით“, — განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.
მამულაშვილს ასევე ჰკითხეს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებაზე, რომ „ომის პარტიის“ წარმომადგენლები სოფელ-სოფელ დადიან და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართონ უკრაინაში რუსეთთან ომში.
„მე ვერ ვხვდები, საერთოდ რაზეა ლაპარაკი. აქ ჩამოდიან უბრალოდ მოტივირებული ადამიანები, რომლებმაც იციან, რისთვის უნდა იბრძოლონ. მე არ მესმის, როგორ შეიძლება იარო სოფელ-სოფელ და იდეოლოგიურად განწყობილი ადამიანები იპოვო. რეკრუტირება ასე არ ხდება, ხდება პროფესიონალიზმის მიხედვით. „ქართულ ლეგიონში“ ვიღებთ ადამიანებს მხოლოდ საბრძოლო გამოცდილებით. ეს ნიშნავს, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალი სამხედრო უნდა იყოს. სოფელ-სოფელ არ ხდება პროფესიონალი სამხედროების რეკრუტირება“, — განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.
მან კოლაბორანტული უწოდა „ქართული ოცნების“ რიტორიკას ომში ჩართვაზე და იმას, რომ პრემიერ-მინისტრმა არ თქვა, ომში უკრაინის მხარეს არის თუ რუსეთის.
„ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს ომში… ეს არის ქართული საზოგადოების, ყველა ქართველის გადასაწყვეტი, გაათავისუფლებს თავის ტერიტორიებს ომით თუ პოლიტიკურად… მე მესმის, რომ ღარიბაშვილი ცდილობს, რუსეთის პოლიტიკაზე დაასხას წყალი, ასე რომ, მის რიტორიკაში, მიმართვაში ჩემთვის გასაკვირი არაფერია და არც იმაში, რომ არ შეუძლია გაბედულად თქვას, რომ არის სიმართლის მხარეზე და მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას“, — განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.
პრემიერმა ღარიბაშვილმა ბახმუტთან 3 დეკემბერს დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს 5 დეკემბერს, საზოგადოების კრიტიკის შემდეგ მიუსამძიმრა. ამავდროულად მან განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინაში ომში ადამიანები „ომის პარტიას” მიჰყავს.
დღეს, 7 დეკემბერს ღარიბაშვილმა საკუთარი განცხადება განმარტა და თქვა, რომ არ უგულისხმია, თითქოს ყველა, ვინც უკრაინაში იბრძვის, „ომის პარტიის“ ორგანიზებითაა ქვეყნიდან საბრძოლველად გაყვანილი.
ღარიბაშვილის თქმით, უნდა გაიმიჯნოს, ვინც საკუთარი გულწრფელი სურვილითაა უკრაინაში წასული და ის ადამიანები, რომლებიც ღარიბაშვილის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი წევრები არიან და ფრონტიდან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. ასეთად ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი დაასახელა.
„არიან ადამიანები, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, უბრალო მოქალაქეები, რომლებიც თავიანთი იდეალისტური დამოკიდებულებით წავიდნენ და ომობენ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე, რა თქმა უნდა, არ მითქვამს, რომ ყველა მათგანი წაყვანილია „ნაცმოძრაობის“ მიერ. უნდა გაიმიჯნოს. არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც არიან, დიახაც, სააკაშვილის ომის პარტიის მიერ წაყვანილი და ორგანიზებული. ზოგიერთი მათგანი დღესაც პარტიის მოქმედი წევრია… მამულაშვილი, რომელიც არის „ქართული ლეგიონის წევრი“… მისი და იყო ნაცმოძრაობიდან პარლამენტის წევრი. ეს ადამიანი ერთვება საერთაშორისო კონფერენციებზე. მე მინდა მივმართო მას, მამულაშვილს და მისნაირ ანგაჟირებულებს, მე ასე მესმის, თუ ადამიანი ომობ, ღმერთმა მოგცეს საშუალება და იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადებების კეთება ომის ფრონტიდან, მე არ ვიცი, რა არის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
არიან ადამიანები, რომლებიც სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ, ვინ წაიყვანონ ომში – მდინარაძე