ახალი ამბები

პოლიტიკურმა ჭინკებმა საკუთარ სახლში დაკიდეს შავი ლენტი?! — მაჭარაშვილი

6 დეკემბერი, 2022 • 1158
პოლიტიკურმა ჭინკებმა საკუთარ სახლში დაკიდეს შავი ლენტი?! — მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ხალხის ძალიდან“, გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება თბილისში, ნაძვის ხის ინსტალაციასთან გლოვის ნიშნად შავი ლენტების შებმას და ამბობს, რომ ის ადამიანები, ვინც ეს გააკეთეს, „პოლიტიკურ ჭინკები“ არიან.

მაჭარაშვილი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკის მქონე „ხალხის ძალას“ წარმოადგენს, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანის ტრაგედიაა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ ცხოვრება არ უნდა გააგრძელოს.

„5 კი არა, 3 და 1 ადამიანის დაღუპვაც კი, მათ შორის, რა თქმა უნდა, უკრაინის ომში მონაწილეების, არის ჩვენთვის ტკივილი და ტრაგედია. 1 ადამიანისაც კი და მათ შორის 100 წლის შემდეგ მეც და თქვენც გარდავიცვლებით და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ ცხოვრება არ უნდა გააგრძელოს“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი „მთავარ არხთან“.

კითხვაზე, უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში ირაკლი ღარიბაშვილმა მისი განცხადებების გამო, მაჭარაშვილი პასუხობს, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს ყველამ, „ომის პარტიის ლიდერებიდან დაწყებული, რიგითი ჭანჭიკებით დამთავრებული“.

„პოლიტიკური ჭინკები, შავი ლენტი რომ უნდათ დაკიდონ ნაძვის ხეზე, ჯერ საკუთარ სახლში დაკიდეს შავი ლენტი?! აბა, ჰკითხეთ ხოშტარიას, საკუთარ სახლში დაკიდა შავი ლენტი ნაძვის ხეზე?” – ამბობს მაჭარაშვილი.


5 ქართველი მებრძოლი — ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია — 3 დეკემბერს ბახმუტთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობას სამძიმარი ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.

ბახმუტში ქართველი მებრძოლების გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტებმა თავისუფლების მოედანზე, “მშვიდობის ქალაქის” ინსტალაციასთან შავი ლენტები შეაბეს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს 5 დეკემბერს მიუსამძიმრეს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაღუპულთა ოჯახებისთვის მისამძიმრებისას განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინაში ომში ადამიანები “ომის პარტიას” მიჰყავს. მისი თქმით, ომში დაღუპული ადამიანებით „ვიღაც ფარისეველი, ყალბი, გამყიდველი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას“.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის აგრესიას უკრაინაში 33-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვენ, პრემიერს სამძიმარიც არ გამოუთქვა

მასალების გადაბეჭდვის წესი