ახალი ამბები

გია ბუღაძის თქმით, თსუ-ში ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს

5 დეკემბერი, 2022 • 1204
გია ბუღაძის თქმით, თსუ-ში ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს

მხატვარ გია ბუღაძის თქმით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორის ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. ამის შესახებ ინფორმაცია მან “ნეტგაზეთს” დაუდასტურა.

მისი თქმით, ხელშეკრულება მიმდინარე სემესტრის დასაწყისში არ გაუგრძელეს, თუმცა ამ დრომდე არ მიუღია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტი ხელშეკრულების გაგრძელებას მასთან აღარ გეგმავს.

“16 წელია მანდ ვარ და ყოველი სემესტრის დასაწყისში იდებოდა ხელშეკრულება, წელს აღარ გააგრძელეს. მე ჩავატარე 9-10 ლექცია, 2.5 თვე და ბოლოს მოვითხოვე ან გამიგრძელეთ [ხელშეკრულება], ან რაღაც ქენით-მეთქი. არც ჰო მითხრეს და არც – არა, და წამოვედი. მივხვდი, რომ არ დებდნენ ხელშეკრულებას, ალბათ რომ არ ვარ ქოცი, ამიტომ. რას უნდა დავუკავშირო, პროფესიონალიზმზე გამომედავებიან? არა მგონია, უფრო პოლიტიკური მგონია, ვასიამოვნე მაგათ და წავედი ჩემი გზით.

ადმინისტრაციიდან არავინ შემხმიანებია და ეს მოსალოდნელიც არის, იმიტომ, რომ რა უნდა მითხრან? რომ არ ვარ კარგი პროფესიონალი? რომ ლექციებს ვაცდენ? – არა. რომ ბავშვებს შეურაცხყოფას ვაყენებ? – არა. დოქტორის სტატუსი არ მაქვს? – მაქვს. მეტი რა ვქნა… ხომ არ მეტყვიან, რომ შენ არ ხარ ქოციო”, – განაცხადა ბუღაძემ.

“ნეტგაზეთი” ცდილობს თსუ-ს პრესსამსახურთან დაკავშირებასაც. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

განახლება: თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, სადაც განმარტეს, რომ ბუღაძე უნივერსიტეტიდან არ გაუთავისუფლებიათ და ახალი ხელშეკრულებაც შესთავაზეს:

” მას, ისევე როგორც სხვა მოწვეულ ლექტორებს, შესთავაზეს ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა საათობრივ ანაზღაურებას ფაკულტეტზე მოქმედი უმაღლესი ტარიფით, რაც მოწვეული ლექტორების ანაზღაურებასთან შედარებით გაორმაგებულია. სხვაობამ ძველსა და ახალ ხელშეკრულებას შორის 120 ლარი შეადგინა, რაზეც გია ბუღაძემ უარი განაცხადა, ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას და სემესტრის დასრულებამდე 3 კვირით ადრე შეუწყვიტა სტუდენტებს ლექციები.

სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით დარჩენილი სასწავლო წლის ბოლომდე ლექციებს ჩაატარებს სემინარის ლექტორი, რათა მათ მიმდინარე სემესტრში არ დაკარგონ 5 კრედიტი”, – ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი