საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 5 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შეხვდება. შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.
სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდება და სტუდენტებისათვის საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ საჯარო ლექციას წაიკითხავს.