ახალი ამბები

“არ არის მაინცდამაინც კორექტული საქციელი” – სარჯველაძე ჩეხეთის ელჩს აკრიტიკებს

2 დეკემბერი, 2022 •
“არ არის მაინცდამაინც კორექტული საქციელი” – სარჯველაძე ჩეხეთის ელჩს აკრიტიკებს

„მე ვამჯობინებდი, რომ როცა ელჩი ასეთ სერიოზულ საკითხზე განცხადებას აკეთებს, ის ცოტა მეტად წინდახედული იყოს“, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ წევრი მიხეილ სარჯველაძე ჩეხეთის ელჩის განცხადებაზე დასმულ კითხვას.

ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა აცხადებს, რომ 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და დარწმუნებულია, რომ სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში.

სარჯველაძის თქმით, როდესაც ელჩი მსგავს განცხადებას „დარწმუნებით ხარისხში“ აკეთებს, არ ჰგონია, რომ  დიპლომატისთვის შესაფერისი საქციელია.

ამის შესახებ სარჯველაძემ პირველ დეკემბერს „პალიტრანიუსთან“ ისაუბრა.

„მაგალითად, გარკვეული საქონელი იმპორტირდებოდა უკრაინიდან და იქ იმპორტთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არის. როცა ასეთ დროს იზრდება ვაჭრობა ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოსთან და თან იმ ფონზე, რომ სასურველი არაა ისეთი მომწოდებლების ძებნა, რომელიც ევროკავშირს მიღმაა, არ ვიცი, ამაში უცნაური რა არის. გაანალიზონ, კი ბატონო“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისი თქმით, ჩეხეთის ელჩი ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე და იმ სახელმწიფოზე, რომელსაც წარმოადგენს.

„აუცილებლად მოვიკითხავ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ კუთხით რა კითხვები დაებადა. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე მეგონა, რომ ან ინტერპრეტაცია იქნებოდა, ან სხვა რამ. იმიტომ, რომ ეს არ არის მაინცდამაინც კორექტული საქციელი.

პირდაპირ ვიტყვი, დიდი პასუხისმგებლობა აიღო, როდესაც დარწმუნებით საუბრობს, რომ ამ შემთხვევაში სხვა მოვლენაა. ასეთ დროს დიდ პასუხისმგებლობას იღებს პირადად თავის თავზე და დიდ პასუხისმგებლობას ჰკიდებს ევროკავშირის სახელმწიფოს, რომელსაც ის წარმოადგენს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის თქმით,  რუსეთი საქართველოს გამოყენებით სანქციებს თავს არ არიდებს და რის ხარჯზე და რატომ გაიზარდა ჩეხეთიდან იმპორტი, შეუძლიათ ეს საკითხი გამოიკვლიონ.

„აქ საუბარი იმაზე, რომ რაიმე მასშტაბურია…. თუ ერთი მოქალაქე გავიდა და შემოიტანა რამდენიმე ცალი ნივთი, წაიღო რუსეთში, რომელიც იქ დღეს დეფიციტურია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს შავი ხვრელია. აქ ლაპარაკია მასიურ ტრანსპორტირებაზე,”- განაცხადა სარჯველაძემ.


ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა აცხადებს, რომ 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და “საკმაოდ დარწმუნებულია”, რომ სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში.

ამის შესახებ მან 30 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი რუსეთისა“ და ლიეტუვის საელჩოს ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას კითხვაზე პასუხად განაცხადა. უგულავამ იკითხა, იმის ფონზე, რომ საქართველოს მთავრობამ უღალატა პარტნიორებს [სანქციებთან შეერთებაზე უარისა თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით], უნდა ელოდოს თუ არა საქართველოს მოსახლეობა რაიმე ტიპის უარყოფით შედეგებს.

ჩეხეთიდან საქართველოში იმპორტი თითქმის გაორმაგდა, დარწმუნებულნი ვართ, ნაწილი რუსეთში მიდის – ჩეხეთის ელჩი

მასალების გადაბეჭდვის წესი