საზოგადოება

ჩეხეთიდან საქართველოში იმპორტი თითქმის გაორმაგდა, დარწმუნებულნი ვართ, ნაწილი რუსეთში მიდის – ჩეხეთის ელჩი

30 ნოემბერი, 2022 • 1987
ჩეხეთიდან საქართველოში იმპორტი თითქმის გაორმაგდა, დარწმუნებულნი ვართ, ნაწილი რუსეთში მიდის – ჩეხეთის ელჩი

ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა აცხადებს, რომ 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და დარწმუნებულია, რომ სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში.

30 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი რუსეთისა“ და ლიეტუვის საელჩოს ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას კითხვაზე, – იმის ფონზე, რომ საქართველოს მთავრობამ უღალატა პარტნიორებს [სანქციებთან შეერთებაზე უარისა თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით], უნდა ელოდოს თუ არა საქართველოს მოსახლეობა რაიმე ტიპის უარყოფით შედეგებს,- ელჩმა მიკისკამ განაცხადა:

„ჩემი გადმოსახედიდან, საქართველოში პრაქტიკულად შეუძლებელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, იქნება თუ არა რაიმე უარყოფითი შედეგები. არა მხოლოდ ჩეხეთი, – როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა, – არამედ ევროკავშირის ყველა წევრი იღებს ინფორმაციას საქართველოს შესახებ, მთავრობის ურთიერთობის თუ პოზიციის შესახებ სანქციებისა და რუსეთის მიმართ. და ზოგჯერ ჩვენთვისაც კი არ არის მარტივი [იმის აღიარება], ჩვენც ხომ არ ვართ თუ არა ჩართული“.

ამ კონტექსტში მოიტანა ელჩმა მიკისკამ ჩეხეთიდან საქართველოში გაზრდილი ექსპორტის მონაცემები:

„მაგალითად, ამ წლის დასაწყისიდან,  [ჩეხეთიდან] ჩეხური პროდუქტების საქართველოში ექსპორტი გაიზარდა 80%-ით, გასულ წელთან შედარებით. თითქმის გაორმაგდა. გასულ წელს, იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გავლენა იყო, უკვე რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა“, – განაცხადა მან და დასძინა: 

„ასე რომ, საკმაოდ დარწმუნებული ვართ, ამ ზრდის ნაწილი რუსეთში მიდის“. 

ამის შემდეგ ელჩმა მიკისკამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით დაზუსტებით არ გარკვეულა, „ეს პროდუქტები მართლა ჩრდილოეთით წავიდა თუ არა“. 

„თუ ეს არის საწარმოო საშუალებები, ეკონომიკა ისე არ იზრდება, რომ შთანთქას ჩეხეთიდან ასეთი ექსპორტი. თუკი ეს არის სამომხმარებლო საქონელი, აქაც იგივეა – მომხმარებლებში არ გაზრდილა ჩეხური პროდუქტების სიყვარული. ასე რომ, ეს [ზრდა] სადღაც უნდა მიდიოდეს. ჩვენ გვსურს, გავიგოთ [სად], მაგრამ ჯერჯერობით ვერ გამოვნახეთ გზა, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ასახული იყოს სტატისტიკაში“, – განაცხადა ელჩმა.

პეტრ მაკისკას განცხადებით, ჩეხეთი,  ევროკომისიის პრეზიდენტი, თვალს ადევნებს ამ მიმართულებით ვითარებას და „ეს იქნება ერთ-ერთი კრიტერიუმი, როდესაც შევაფასებთ საქართველოს მზაობას კანდიდატის სტატუსისთვის, და არა მხოლოდ 12 რეკომენდაცია“.

„დიდი ხნის წინ ჩავამატეთ ჩვენს კრიტერიუმებში შესაბამისობა საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკაზე განცხადებებთან. და თუკი ახლოდან დააკვირდებით, გაცილებით დაბალი მაჩვენებელი [აქვს საქართველოს], ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას და ზოგჯერ რთულია იმის გაგება, საქართველოს მთავრობა რატომ არ იზიარებს ევროკავშირის განცხადებებს ზოგიერთ დიქტატორულ რეჟიმზე“, – განაცხადა ელჩმა.

„ნეტგაზეთმა“ მოიძია მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

უწყების მონაცემებით, 2022 წლის მხოლოდ 10 თვეში ჩეხეთიდან შემოტანილმა საქონელმა 124.8 მლნ დოლარი შეადგინა, როდესაც 2020 წელს, თორმეტივე თვის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 74.5 მლნ იყო, 2021 წელს კი -99.8 მლნ.

10 თვის მონაცემები რომ შევადაროთ:

  • 2020 წელს – 57.6 მლნ;
  • 2021 წელს – 77.9 მლნ;
  • 2022 წელს – 124.8 მლნ;

2021-22 წლების პირველი 10 თვე რომ შევადაროთ, წლიური ზრდა 61.4%-ია.

განსაკუთრებული ზრდა შეინიშნებოდა 2022 წლის თებერვალში, 2021 წლის თებერვალთან შედარებით თითქმის 85%-იანი ზრდა იყო – 5.96 მლნ-დან 11.09 მლნ-მდე.

2022 წელს ექსპორტში ყველაზე დიდი წილი აქვს:

  • სატელეფონო აპარატებს (ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით),
  • გამომთვლელ მანქანებსა და მათ ბლოკებს,
  • მსუბუქ ავტომობილებს,
  • ძრავებს (ტურბორეაქტიულ და ტურბოხრახნიან, ასევე აირის ტურბინების ძრავებს).

აღნიშნული ძრავების იმპორტი ჩეხეთიდან რადიკალურად არის გაზრდილი – 18 000 დოლარიდან (2021) გაზრდილია 5.2 მლნ დოლარამდე (2022).

ამავე თემაზე გირჩევთ

ჩეხეთის ელჩმა დაასახელა კიდევ ერთი კრიტერიუმი, რომლითაც საქართველოს შეაფასებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი