ახალი ამბები

სააკაშვილის ადვოკატის შესაძლო უკანონო მოსმენაზე გამოძიება დაიწყო

30 ნოემბერი, 2022 •
სააკაშვილის ადვოკატის შესაძლო უკანონო მოსმენაზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევის ფაქტზე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვებას ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.


მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ უკანონოდ უსმენენ.

ხაჭაპურიძის თქმით, სამ ადგილას ხმის სათვალთვალო მოწყობილობა იპოვა.

„ეს იქნა ნაპოვნი სავარძელში და ეს ავტომობილში, მესამე აგერ არის დამონტაჟებული [ოფისში], თქვენითაც ხედავთ. ეს არის მაღალი დონის მოსასმენი [მოწყობილობა] და ვიდეოთვალი. ავტომანქანაში, ე.წ. „ბარდაჩოკთან“ იყო ჩამონტაჟებული. მეორე — სავარძელის გვერდით“, — განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, თუმცა სავარაუდო დანაშაულის შესახებ საჯარო განცხადების გაკეთება გამოძიების დაწყების საფუძველია.

მასალების გადაბეჭდვის წესი