ახალი ამბები

18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც გლდანში ნათესავი ქალი მოკლა — პროკურატურა

30 ნოემბერი, 2022 •
18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც გლდანში ნათესავი ქალი მოკლა — პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნათესავი ქალის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურის ცნობით, პირველმა ინსტანციამ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.

უწყების თანახმად, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 16 მარტს თბილისში, გლდანის რაიონში, ანგარების მოტივით ბრალდებულმა ნათესავი ქალი, მისსავე ბინაში დანით კისრის არეში დაჭრა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

“ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით გარდაცვლილს ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა, ასევე, დაეუფლა გარდაცვლილის კუთვნილ ტელევიზორს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, — აცხადებს პროკურატურა.

პოლიციამ ბრალდებული 17 მარტს დააკავა. მას ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ანგარებით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი