ახალი ამბები

„იმედის“ სიუჟეტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის

28 ნოემბერი, 2022 • 2102
„იმედის“ სიუჟეტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მარიკა ბაკურაძის სიუჟეტს შეისწავლის.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის 2022 წლის 28 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ გადაცემა „იმედის დღის“ ჟურნალისტმა ერთ-ერთ სიუჟეტზე ფეისბუქის მეშვეობით გაკეთებული კომენტარების თაობაზე სატელეფონო ზარი განახორციელა კომენტარის ავტორ რამდენიმე პირთან.

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში აღნიშნული ჟურნალისტის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების) ფაქტზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო”,— აცხადებს უწყება.

საქმე ეხება მარიკა ბაკურაძის სიუჟეტს, რომელიც „იმედის“ ეთერში დღეს გავიდა.

გადაცემის ერთ-ერთი რუბრიკა ეხებოდა სოციალურ ქსელში მოქალაქეების შეურაცხყოფას. რუბრიკისთვის ბაკურაძემ სიუჟეტი გააკეთა, რომლის დროსაც ჩამოურეკა იმ მოქალაქეებს, ვინც კრიტიკის შემცველი კომენტარები დაწერეს მისი სხვა მედიაპროდუქტების ქვეშ.

სიუჟეტს მალევე მოჰყვა ფართო საზოგადოებრივი კრიტიკა. ფეისბუკის არაერთი მომხმარებელი წერს, რომ  ჟურნალისტს არ უნდა ჰქონოდა წვდომა რიგითი  მოქალაქეების პირად მონაცემებზე — მათ სატელეფონო ნომრებზე.

თავად ბაკურაძე ამბობს, რომ ტელეფონის ნომრის მოპოვება  „არის ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილი,“. ის ასევე ირწმუნება, რომ:

„დამერწმუნებით, ყოველ მათგანთან ვისაუბრე შეკითხვების რეჟიმში, ჩემი მხრიდან მხოლოდ ამ თემაზე დისკუსია და მათი აზრის მოსმენა იყო მნიშვნელოვანი. და საუბრის დროს მეც ღიად და დაუფარავად ვეუბნებოდი ყველას, რომ სწორედ ეს არის ჩემი კვლევის თემა და ამ თემაზე ვმუშაობ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი