ახალი ამბები

მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებამ ბოლომდე შედეგი ვერ გამოიღო — დარახველიძე ქალებზე ძალადობაზე

28 ნოემბერი, 2022 • 652
მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებამ ბოლომდე შედეგი ვერ გამოიღო — დარახველიძე ქალებზე ძალადობაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ ცხრამუხის მონასტერში მონაზვნისს გაუპატიურებასა და ყაჩაღობაში ბრალდებულები „უმკაცრესად დაისჯებიან“.

მისი თქმითვე, სამართალდამცავი უწყებები ატარებენ „უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას მოძალადეების მიმართ“, თუმცა მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებულმა მიდგომებმა ბოლომდე შედეგი ვერ გამოიღო.

25 ნოემბერს ცხრამუხის დედათა მონასტერი დააყაჩაღეს; იქ მყოფი მონაზონი ქალი კი გააუპატიურეს. მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, პოლიციამ „უსწრაფესად, დაახლოებით 2 საათში, გამოავლინა და დააკავა ბრალდებული პირები“.

„ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული და საზოგადოების თითოეული წევრის სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია… [ბრალდებულებს] ემუქრებათ ყველაზე მძიმე სასჯელი, რაც კი ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსისთ არის გათვალისწინებული – 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა“, — განუცხადა ალექსანდრე დახველიძემ ჟურნალისტებს.

მინისტრის მოადგილის თქმით, „პოლიცია გააკეთებს ყველაფერს, რომ ამ პირებმა კანონის წინაშე უმკაცრესად აგონ პასუხი“.

ალექსანდრე დარახველიძემ ასევე განაცხადა, რომ დანაშაულის პრევენცია შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შედის და, ამის გათვალისწინებით, მუდმივად აანალიზებს  კანონმდებლობას და წარუდგენს ხოლმე პარლამენტს სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებას, „მაგალითად, სქესობრივი ხასიათის დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე, ოჯახში ძალადობის მიმართულებით“.

„ჩვენ, მათ შორის პროკურატურა, დღეს ვატარებთ უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას მოძალადეების მიმართ. 2017-18 წლების შემდეგ მნიშვნელოვნად გადაიხედა კანონმდებლობა, 10000-მდე ორდერი გამოიცემა ყოველწლიურად, 5000-მდე საქმეზე იწყება გამოძიება; დღეს თუ გადავხედავთ პენიტენციურ სისტემაში პატიმრების რაოდენობას, ძალიან დიდი ნაწილი მოდის სწორედ ამ დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებზე“, – განუცხადა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს.

ალექსანდრე დარახველიძის თქმითვე, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება „ყველაფერს აკეთებს“, მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებულმა მიდგომებმა ბოლომდე შედეგი ვერ გამოიღო და ისაუბრა მოძალადეების „ქცევის კორექციის პროგრამის“ საჭიროებაზე:

„რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი გადარჩა, – სწორი სისხლის სამართლის პოლიტიკა გატარდა, – მაგრამ ახლა არის დრო, ვიმუშაოთ სხვა საკითხებზე. აქ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა. ის, რომ ძალადობა არის სირცხვილი, უნდა გაითავისოს საზოგადოების თითოეულმა წევრმა. საზოგადოება, ნებსით თუ უნებლიეთ, დუმილით მხარს არ უნდა უჭერდეს მოძალადეებს, – და ამისთვის კამპანიაც დავიწყეთ წინა კვირას.

შევხვდებით ყველას იმისთვის, რომ ერთობლივად დავგეგმოთ, რა არის საზოგადოების, ასევე მედიის როლი, რომ სწორად გაშუქრდეს ესა თუ ის ფაქტი. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია, მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მსხვერპლებს და უფრო მეტად მსხვერპლის დაცვაზე ვიყოთ ორიენტირებული. ასევე მნიშვნელოვანია მოძალადეების ქცევის კორექციის პროგრამის არსებობა, რათა მხოლოდ დასჯაზე არ იყოს ორიენტირებული [პოლიტიკა]“, – განაცხადა დარახველიძემ 28 ნოემბერს პარლამენტში ყოფნისას.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად ხედავს მედიის პასუხისმგებლობას „ძალადობრივი სიტუაციის შექმნაზე“, – როგორც ეს საპატრიაქროს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, – მინისტრის მოადგილემ განაცხადა:

„ზოგადად, ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის პირობების, გარემოებების შესწავლა ხდება შესაბამისი კრიმინოლოგიური კვლევების საფუძველზე. სანამ არ იქნება ასეთი კვლევები, რომელიც არ მოგვცემს ჩვენ ზუსტ მეცნიერულ დასკვნას, თუ რა იწვევს კონკრეტულ დანაშაულს, გამიჭირდება, შევაფასო კონკრეტული დანაშაულის საფუძველ-მიზეზები“.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ცხრამუხის დედათა მონასტერში 25 ნოემბერს ჩადენილი გაუპატიურებასა და ყაჩაღობაში ნაწილობრივ მედია დაადანაშაულა.

დაშავებული 70 წლის მონაზონი ხაშურიდან თბილისში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი