საზოგადოება

ჯაღმაიძე ცხრამუხის მონასტერში მომხდარში ნაწილობრივ მედიას ადანაშაულებს

26 ნოემბერი, 2022 • 4318
ჯაღმაიძე ცხრამუხის მონასტერში მომხდარში ნაწილობრივ მედიას ადანაშაულებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ცხრამუხის დედათა მონასტერში ჩადენილი გაუპატიურებასა და ყაჩაღობაში ნაწილობრივ მედიას ადანაშაულებს.

პოლიციამ ბრალდებულები უკვე დააკავა, ხოლო ასაკოვანი მონაზონი, რომელზეც იძალადეს, მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ჯაღმაიძის განცხადებით, „ყოველგვარ ქმედებას წინ აუცილებლად უძღვის მოტივაცია, საკრალურის შეურაცხყოფას კი – დამახინჯებული იდეოლოგია, რომელიც დესაკრალიზაციის გზით ხსნის ყველა ბარიერს და პროფანაციას ეწევა იმისა, რაც მასაზრდოებელი უნდა იყოს ადამიანთა სულიერი ცხოვრებისთვის“.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში მასმედიის ნაწილის, მათ შორის, ტელეკომპანიების „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ მხრიდან მიმდინარეობს ანტიეკლესიური კამპანია, რასაც მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენა აქვს.

„ადრეც განვაცხადეთ, რომ 2021 წელს მარტვილის რეზიდენციაში შეჭრა შესაძლოა, „რეპეტიციად“ ქცეულიყო შემდგომი მოვლენებისა.

გავიხსენოთ მედიის ცილისმწამებლური კამპანია ბოდბის დედათა მონასტრის დედებისადმი, როდესაც მათ არც მეტი, არც ნაკლები, მოსახლეობის მკვლელობის ორგანიზებაში დასდო ბრალი „მთავარმა არხმა“ (ბოდიში არავის მოუხდია დღემდე).

რა ხდება ამ ყველაფრის შემყურე ავაზაკის გონებაში, რომელსაც ხალხის არ რცხვენია? თუ ხედავს, რომ დასაშვებია ეკლესიის გამუდმებული დადანაშაულება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკის გატარებაში, თუ ხედავს, რომ დასაშვებია, სვეტიცხოვლის ეზოში სვეტიცხოვლობა დღეს სასულიერო პირებს „ბანდიტები“ უწოდოს (,,ტვ პირველი”) ჟურნალისტმა, თუ დასაშვებია მსახურებების ჩაშლა (,,მთავარი არხის” ჟურნალისტის მიერ მარტვილის ტაძარში) და პატრიარქის ქვეყნის მტრად გამოცხადება, რაღა რჩება იქიდან, რისი დაშვებაც შესაძლებელია იმ ავაზაკი ადამიანის გონებაში, რომელსაც ღმერთის არ ეშინია?! – ის, რაც მოხდა დღეს ხაშურის დედათა მონასტერში“, – აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.

ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაში წერია, რომ „თუ საზოგადოებაში ვთესავთ ღვარძლს, მისი ნაყოფი აუცილებლად ჩვენამდეც მოაღწევს და, სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე შედეგებით“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი