ახალი ამბები

საპატრიარქოს წარმომადგენლის პოზიცია ჟურნალისტებზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს — კოალიცია

27 ნოემბერი, 2022 • 758
საპატრიარქოს წარმომადგენლის პოზიცია ჟურნალისტებზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს — კოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულთან საპატრიარქოს წარმომადგენლის მიერ მედიის დაკავშირება ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს და მათზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა – მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლების საქმიანობის თანმდევი ნაწილია.

საგანგაშოა, რომ Საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მომხდენი პირები და ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქო, თავისი მტრული დამოკიდებულებით და განცხადებებით ხელს უწყობენ მედიის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გარემოს შექმნას“, — აცხადებს კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის.

კოალიციის შეფასებით, მსგავსი მითითება ქმნის დაბნეულობას მოსახლეობაში, ყურადღების მიღმა ტოვებს ნამდვილ მიზეზებსა და მისი მოგვარების გზებზე საუბარს, რაც ასე მნიშვნელოვანია დღეს როგორც ქალთა მიმართ ძალადობის, ისე მედიის წინააღმდეგ გამოვლენილი დანაშაულების შესამცირებლად.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ცხრამუხის დედათა მონასტერში 25 ნოემბერს ჩადენილი გაუპატიურებასა და ყაჩაღობაში ნაწილობრივ მედია დაადანაშაულა.

აღნიშნული უარყოფითად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც. მისი თქმით, უკიდურესად საშიშია ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედიასაშუალებებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი