საზოგადოება

ლომჯარია: უკიდურესად საშიშია მონასტერში მომხდარი დანაშალის მიზეზების მედიისთვის გადაბრალება

27 ნოემბერი, 2022 • 1584
ლომჯარია: უკიდურესად საშიშია მონასტერში მომხდარი დანაშალის მიზეზების მედიისთვის გადაბრალება

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ უკიდურესად საშიშია ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედიასაშუალებებისთვის. ამის შესახებ მან პირად ფეისბუკგვერდზე დაწერა.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ცხრამუხის დედათა მონასტერში 25 ნოემბერს ჩადენილი გაუპატიურებასა და ყაჩაღობაში ნაწილობრივ მედია დაადანაშაულა.

„თერჯოლის ტრაგედიიდან ძალიან მალე უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული მოხდა ცხრამუხის მონასტერში, მთელი ქვეყანა შეძრულია, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია.

ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა.

მინდა ვუსურვო ძალადობის მსხვერპლ ქალს სწრაფი გამოჯანმრთელება! იმედი მაქვს, ამ მძიმე დროს გარშემომყოფებისგან სათანადო ემოციურ მხარდაჭერას მიიღებს“ — წერს ნინო ლომჯარია.

პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში, 26 ნოემბერს დააკავა გაუპატიურებასა და ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი — 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ

დაშავებული 70 წლის მონაზონი ხაშურიდან თბილისში გადაიყვანეს სამკურნალოდ.


თერჯოლის ტრაგედია, რომელიც ლომჯარიამ ახსენა, 24 ნოემბერს მოხდა. ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. მოგვიანებით თავად მკვლელიც დაიღუპა თავდასხმისას მიღებული დაზიანებებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი