ახალი ამბები

პარლამენტი წამლებზე რეფერენტული ფასების კანონპროექტს დაჩქარებულად აღარ განიხილავს

28 ნოემბერი, 2022 • 509
პარლამენტი წამლებზე რეფერენტული ფასების კანონპროექტს დაჩქარებულად აღარ განიხილავს

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, პარლამენტი დაჩქარებული წესით აღარ განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს წამლებზე რეფერენტული ფასების დაწესების შესახებ. შესაბამისი რეკომენდაციით კომიტეტმა სამინისტროს დღევანდელ სხდომაზე მიმართა.

ამასთან, კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა იმ დათქმით, რომ კიდევ მოხდება ფასწარმოების მექანიზმის შესწავლა და დამატებით შეისწავლიან ევროკავშირის წევრების ქვეყნების გამოცდილებას. ასევე, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევა კანონის იმ მუხლში, რომელიც ფარმაცევტული დაწესებულების სასამართლოს განჩინების გარეშე დაყადაღებას გულისხმობდა. კომიტეტმა კანონპროექტი იმ დათქმით მიიღო, რომ აღნიშნული ჩანაწერი პროექტში აღარ იქნება:

„როდესაც გვქონდა კონსულტაციები, ყველაზე მეტი რეაქცია ჩვენ მივიღეთ, სასამართლოს მონაწილეობის გარეშე რეგულირების სააგენტოს რომ ჰქონოდა უფლებამოსილება დარღვევაზე რეაგირების. აქ ორი მომენტია, რომელზეც გვქონდა საუბარი და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია. პირველი საფუძველი ამ ჯარიმის დაკისრებისთვის თვალსაჩინოა და პირდაპირ შეუძლია რეგულირების სააგენტოს დაასკვნას, დარღვევას ჰქონდა ადგილი თუ არა.

რეფერენტული ფასი დაირღვა თუ არა ამას დამატებით ძიება არ სჭირდება, ასევე, შესაბამისი სერტიფიკატები აქვს თუ არა საწარმოს. მეორე არის სწრაფი რეაგირების შესაძლებლობა. სასამართლო გადაწყვეტილებას დიდი დრო სჭირდება რაც რეალურად უკარგავს აზრს ამ სანქციას, თუმცა, რა თქმა უნდა, დღეს პირველი მოსმენაა და ჩვენ მზად ვართ, ეს საკითხი და ამ ტიპის არგუმენტები კიდევ განვიხილოთ“, — აცხადებდა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

გაბუნიას ამ არგუმენტებს არ დაეთანხმა დეპუტატთა ნაწილი. რამდენიმე მათგანმა ეჭვქვეშ დააყენა ჩანაწერის კონსტიტუციასთან შესაბამისობაც.

საბოლოოდ, კომიტეტი შეთანხმდა, რომ კანონპროექტს დაჩქარებული სტატუსი მოეხსნას და მიიღონ იმ დათქმით, რომ ჩანაწერს ამოიღებენ სასამართლოს განჩინების გარეშე საწარმოს დალუქვისა და დაყადაღების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი