ახალი ამბები

იანვრიდან სახელმწიფო წამლების მაქსიმალურ ღირებულებას განსაზღვრავს — მთავრობა

9 ნოემბერი, 2022 • 1200
იანვრიდან სახელმწიფო წამლების მაქსიმალურ ღირებულებას განსაზღვრავს — მთავრობა

საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილეს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შემავალი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 2023 წლიდან წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება.

მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კანონში ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო დაადგენს წამლის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს, რომელზე ძვირადაც მედიკამენტის რეალიზება დაუშვებელი იქნება:

„რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა. წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება, საშუალოდ, 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავრობის განცხადებით, პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები დაწესდება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო და ონკოლოგიურ პრეპარატებზე, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, უწყებაზე იქნება დელეგირებული, შეარჩიოს რეფერენტი ქვეყნები და ამის მიხედვით განსაზღვროს ფასების დადგენის პრინციპი:

„სამინისტროზე იქნება დელეგირებული რეფერენტული ქვეყნების განსაზღვრა და ფასების დადგენის პრინციპი. 1 100 დასახელების მედიკამენტებს შეეხება იანვრიდან. მეორე კვარტლიდან, ვფიქრობთ, სარეცეპტო მედიკამენტებს შეეხება, წლის ბოლომდე კი, ყველა პრეპარატზე. ზედა ზღვარი გვექნება დაწესებული რეფერენტული ქვეყნების მიხედვით“, – აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.

მინისტრის განცხადებით,  ახლა მიმდინარეობს ქვეყნების განსაზღვრა. ზურაბ აზარაშვილი აღნიშნავს, რომ შეირჩევა 4-5 ქვეყანა, ზომის, ეკონომიკების, მოსახლეობის რაოდენობის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით:

„ჩვენ გვყავს როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოელი კონსულტანტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებით, რომლებმაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყნებში რეფერენტული ღირებულები დანერგეს. ვფიქრობ, უფრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იქნება. ნებისმიერ მოლეკულაზე, რაც ჩვენთან იყიდება, იმ ბაზრებზე მოვიძიებთ, რა ბრენდული დასახელებით იყიდება, საშუალოს გამოვიყვანთ და ამის მიხედვით განისაზღვრება ღირებულების მაქსიმალური ჭერი“, – აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი