თბილისში, ყოფილი „მიონის“ შენობის ერთ-ერთ კედელზე განთავსებული მოზაიკის შელახვამ არაერთი მოქალაქე აღაშფოთა. ახლა ქართული მოზაიკის განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ მოზაიკის აღდგენა შესაძლებელია და ნამუშევრის რეაბილიტაციის ორ შესაძლო გზას ახსენებენ.
საუბარია 1970-იანი წლების საბჭოთა მოზაიკაზე, რომელიც კერძო საკუთრების ფასადზეა განთავსებული. შენობის მესაკუთრემ მოზაიკიან ფასადზე ფანჯრები ამოჭრა, რაზეც მანამდე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა გასცა ნებართვა.
გასულ კვირას, შელახული მოზაიკის ფოტოების გავრცელების შემდეგ, მერიამ თქვა, რომ ფასადს არ აქვს ისტორიული ძეგლის სტატუსი და ამიტომაც ვრცელდებოდა მასზე სტანდარტული სანებართვო რეჟიმი. მეორე მხრივ, ქალაქის მთავრობაში პირობა დადეს, რომ მესაკუთრეს დაელაპარაკებოდნენ მოზაიკის აღდგენის მიზნით.
ზემოხსენებული ფონდის, “რიბირაბოს” თანადამფუძნებელი ნატალია ამირეჯიბი, რომელმაც ფანჯრებამოჭრილი მოზაიკის ფოტოები გაავრცელა, დასძენდა, რომ მოზაიკური ნაწარმოების ორიგინალური კომპოზიცია მთლიანად დაირღვა და შეგვიძლია ვისაუბროთ არა მხოლოდ ზიანზე, არამედ მის “სრულ განადგურებაზე”.
“ამ მოზაიკას, სამწუხაროდ, აღარაფერი ეშველება”, თუმცა იმედი აქვს, რომ “მომავალში მესაკუთრეები ან მერია დაფიქრდებიან იმაზე, რას აკეთებენ”, — აცხადებდა ის.
თუმცა, ამირეჯიბის თანახმად, არსებობს მოზაიკის პირვანდელი სახით აღდგენის გზები. როგორც “ნეტგაზეთს” უყვება, ამის შესახებ 18 ნოემბერს თბილისის მერსაც მისწერა წერილი. თუ მერიასა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, “რიბირაბო” მზად არის, ჩაერთოს შესაბამის სამუშაოებში.
“ერთი გზა არის, რომ კედელი მთლიანად აღდგეს, ანუ ეს ფანჯრები, რაც ამოჭრილია, თავიდან ჩაბეტონდეს. გარკვეული ტექნიკური პროცესია ეს, რომ არც კედელი დაზიანდეს და არც ის მოზაიკა, რომელიც შემორჩენილია კედელზე. შემდგომ კი, ამ აღდგენილ კედელზე საავტორო ესკიზების მიხედვით აღდგეს პირვანდელი კომპოზიციის ნაწილები, რომლებიც დაინგრა”, — აღნიშნავს ის.
ნატალია ამირეჯიბი იმასაც ამბობს, რომ ეს გზა მესაკუთრისგან გარკვეულ “ფინანსურ მსხვერპლსაც” მოითხოვს, რადგან ფაქტობრივად უნდა გააუქმოს ის ფანჯრები, რომლებიც მანამდე გამოჭრა.
თუმცა არსებობს მეორე გზაც: შენობიდან მოზაიკის ჩამოხსნა, მისი რეაბილიტაცია და სხვა ადგილას გადატანა.
“დარჩენილი მოზაიკები შეიძლება ჩამოიხსნას და… დამონტაჟდეს სპეციალურ პანელებზე; მერე იმავე პანელეზე დამოტაჟდეს ეს დანგრეული ნაწილები იმისთვის, რომ პირვანდელი კომპოზიცია აღდგეს და ჩვენ გვექნება უკვე დამოუკიდებელი პანელები იგივე კომპოზიციით.
შემდეგ ეს პანელები, მთლიანად აღდგენილი მოზაიკა, შეიძლება დამონტაჟდეს ქალაქის ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ კედელზე: იქნება ეს სპეციალურად აშენებული კედელი თუ უკვე არსებული კედელი”, — აღნიშნავს “რიბირაბოს” თანადამფუძნებელი.
ნატალია ამირეჯიბს ვკითხეთ, თუ ფლობს ინფორმაციას, რა მდგომარეობაშია მოზაიკის ის ნაწილები, რომლებიც კომპანიამ ამოჭრა. მისი თქმით, ისინი ისე ჩამოიხსნა, მოზაიკურ კომპოზიციაში ვეღარ დააბრუნებენ:
“ჩვენ ვიყავით ადგილზე და ვიდეოებში და ფოტოებშიც ვნახეთ, რომ ეს [ფრაგმენტები] უბრალოდ ყრია იქვე, მშენებლობასთან. არ ვიცი, რა უქნეს, შეიძლება, გადაყარეს ან შეინახეს, ამას არ აქვს მნიშვნელობა… ჩათვალეთ, რომ აღარ არსებობს”.
თუ ამოჭრილი ფრაგმენტები ფაქტობრივად დაკარგულია, მაშ, როგორ უნდა აღადგინონ “მიონის” მოზაიკა? ნატალია ამირეჯიბის თანახმად, ქვეყანაში ჯერაც არსებობს მასალა, რომელიც “მეტ-ნაკლებად — შეიძლება, 100%-ით — ემთხვევა” საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელ მოზაიკებში გამოყენებულ მასალას.
“ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, ვინც მუშაობდა ამ მოზაიკების შექმნაზე საბჭოთა კავშირის დროს და ძალიან ბევრმა სახლში შეინახა მასალები… [წარსულში] რაღაც პროექტისთვის დაგვჭირდა და მოვნახეთ იდენტური მასალა.
თუ [ეს ვერ მოხერხდა], მასალა შეიძლება გაკეთდეს იგივე ტექნოლოგიით, უბრალოდ, ის არ იქნება ძველი, იქნება ახლანდელი, მაგრამ იდენტური”, — გვეუბნება ამირეჯიბი.
მისივე თქმით, მოზაიკის კომპოზიცია კომპანიამ დაარღვია და ხელოვნების ნიმუშიც განადგურდა, “მაგრამ ხელოვნების ნიმუში შეიძლება აღვადგინოთ, ასლი გავაკეთოთ”.
“[შეიძლება] გავაკეთოთ 100%-იანი მსგავსების ასლი, მაგრამ, რა თქმა უნდა, 70-იანი წლებისა აღარ იქნება, [არამედ] იქნება ჩვენი დროინდელი. თუმცა შეგვიძლია შევინარჩუნოთ ეს ძველი ნაწილები, რაც კი გადაურჩა ამ რეკონსტრუქციას”.
“მოზაიკის ავტორი არის ყოველთვის მხატვარი… ავტორმა გააკეთა ესკიზი, ნახატი და ამ ნახატის მიხედვით მუშებმა შექმნეს მოზაიკური კომპოზიცია, რომელიც შემდეგ დამონტაჟდა კედელზე. მოზაიკის აღდგენა გულისხმობს იგივე ნახატის, საავტორო ნამუშევრის 100%-ით აღდგენას”, — აღნიშნავს ის.
ნატალია ამირეჯიბის თქმით, მერიისგან პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია. “ნეტგაზეთიც” ელოდება ქალაქის მთავრობისგან პასუხს კითხვაზე, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები შენობის მფლობელ კომპანიასთან.
საქართველოში საბჭოთა პერიოდის მოზაიკები ძირითადად გვხვდება ავტობუსის გაჩერებებზე, ქალაქების და სოფლების შესასვლელებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საბჭოთა დროს აშენებული ქარხნების ფასადებზე.
დღეს ამ მოზაიკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, ნაწილი განადგურების პირასაა, ნაწილი კი უკვე აღარ არსებობს.
მხოლოდ თბილისში საბჭოთა პერიოდის ათეულობით მოზაიკაა შემორჩენილი. ზოგიერთი მათგანი ფონდმა “რიბირაბომ” 2021 წელს, თავად მერიის თხოვნით შეარჩია შესაბამის ტურისტულ კატალოგში შესატანად.
ვრცლად ამ თემაზე: