ცხინვალში, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე, რუსეთის უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში სწავლის კანდიდატებისთვის ორკვირიანი საერთო-სამხედრო მომზადების კურსი მიმდინარეობს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია რესი ავრცელებს.

უწყების განცხადებით, „ახალწვეულის კურსი“ ახალგაზრდების სამხედრო სამსახურის პირობებთან პირველადი ადაპტაციისთვის, დისციპლინის უნარების ჩამოყალიბებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის აუცილებელი საბაზისო ცოდნის მისაღებად არის განკუთვნილი. კურსის განმავლობაში მომავალი კურსანტები სამხედრო ორგანიზაციის ყოველდღიურ განრიგს, სამხედრო დისციპლინისა და ერთმმართველობის საფუძვლებს შეისწავლიან.

„მეცადინეობების დროს ახალგაზრდები ისწავლიან დანაყოფის შემადგენლობაში მოქმედებას, შიდა წესრიგის დაცვასა და მეთაურების მოთხოვნების შესრულებას“, – აცხადებენ უწყებაში.

ორკვირიანი კურსის დასკვნითი ეტაპი კანდიდატების მიერ სამხედრო ფიცის დადების საზეიმო ცერემონია იქნება.

დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სპეციალიზებული სასწავლო ცენტრების ბაზაზე შესავალი კურსის ჩატარება მომავალი ოფიცრების საწყისი სამხედრო მომზადების ერთიანი დონის უზრუნველყოფისა და რუსეთის სამხედრო უნივერსიტეტებში მათი შემდგომი პროფესიული მომზადებისთვის მყარი საფუძვლის შექმნის საშუალებას იძლევა.