ახალი ამბები

სიახლეა, რომ უკრაინამ დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია, გავერკვევით – მათიკაშვილი

22 ნოემბერი, 2022 • 1473
სიახლეა, რომ უკრაინამ დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია, გავერკვევით – მათიკაშვილი

მას შემდეგ, რაც აშშ-ის ელჩისგან ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი ვენეციის კომისიისგან გამოიწვია, „ქართული ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სიტუაციაში გაერკვევიან და ისე მიიღებენ გადაწყვეტილებას მათ მიერ ინიცირებული ანალოგიური კანონის ვენეციის კომისიაში გაგზავნასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს, 22 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა განაუხადა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა „ოცნების“ პოზიცია, თუ რატომ არ აგზავნიდნენ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში, ევროკავშირის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წევრების მოწოდების მიუხედავად.

მათიკაშვილის თქმით, ვინაიდან „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ „ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი უკრაინული ვერსიის იდენტური იყო, ისინი ვენეციის კომისიის დასკვნას სწორედ უკრაინის მიერ გაგზავნილ კანონზე ელოდნენ, ხოლო ის ამბავი, რომ უკრაინამ კანონი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია, მათთვის სიახლეა.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინული კანონი ევროკავშირის ძალიან მაღალი ტრიბუნიდან თავის დროზე საკმაოდ მაღალი თამასით იქნა შეფასებული და გვახსოვს, რომ თამამი გადაწყვეტილება და თამამი ნაბიჯები უწოდეს ამ კანონპროექტს. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ უკრიანულმა მხარემ გამოიწვია და აღარ ელოდება დასკვნას, ეს არის სიახლე და აშშ-ის ელჩისგან შევიტყვეთ. ჩვენ გავერკვევით სიტუაციაში, ვნახავთ მოცემულობას და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღეს, 22 ნოემბერს, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „არსებობს გაურკვევლობა, რადგან დეოლიგარქიცაზიის ის კანონი, რაც უკრაინაში მიიღეს, მომდინარეობდა ვენეციის კომისიისგან, თუმცა ამჟამად ვენეციის კომისიაში არ არის შესული არცერთი თხოვნა, შეაფასონ რომელიმე კანონი დეოლიგარქიზაციაზე, არც საქართველოდან და არც უკრაინიდან“.


21 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მიღებამდე ვენეციის კომისიაში უნდა გააგზავნოს.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრებმა მოახდინეს,  ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზეა შემუშავებული. კანონპროექტი პარლამენტს ორი მოსმენით აქვს მიღებული.

უკრაინული კანონის გადმოღებას არ ეთენხმება ოპოზიცია და აცხადებს, რომ ამ კანონპროექტის ამ სახით მიღება არ შეიძლება და ის ქართულ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გაიგზავნოს.

თუმცა „ქართული ოცნება“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია ერთი-ერთში გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელსაც დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონზე გასცემს, ვინაიდან სწორედ უკრაინული მოდელის მიღებას გეგმავს.

ვის მიიჩნევენ ოლიგარქად? — „ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი