ახალი ამბები

ატომური სააგენტო ზაპოროჟიეს აესის დასაცავად უსაფრთხო ზონის შექმნას ითხოვს

22 ნოემბერი, 2022 • 460
ატომური სააგენტო ზაპოროჟიეს აესის დასაცავად უსაფრთხო ზონის შექმნას ითხოვს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ინსპექტირების შემდეგ აცხადებს, რომ მიუხედავად დაზიანებების ხარისხისა, ამ ეტაპზე ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული საფრთხეების გავრცელების საშიშროება არ არსებობს. თუმცა, განახლებული თავდასხმების კვალდაკვალ, სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გაააქტიურა კონსულტაციები სადგურზე უსაფრთხო ზონის შესაქმნელად.

სააგენტოს განცხადების თანახმად, რომელიც 21 ნოემბერს გავრცელდა, სადგურის თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს დაბომბვის შედეგად წარმოქმნილი დაზიანებების შეკეთება, თუმცა შეშფოთებას იწვევს სადგურზე თავდასხმის ფაქტი.

ინსპექტირებამდე რუსული მხარე აცხადებდა, რომ სააგენტოს წარმომადგენლებს მუშაობა მხოლოდ მინიჭებული მანდატის ფარგლებში შეეძლებოდათ.

„ისინი დაიშვებიან, ოღონდ მანდატის მკაცრი დაცვით. ინსპექტორები საკუთარ მანდატს განმარტავენ ისე, თითქოს შეზღუდვები არ ჰქონდეთ. ეს ასე არაა. სააგენტოს მუშაობს ბირთვულ უსაფრთხოებაზე. ბუნებრივია, ჩვენ მივცემთ მათ წვდომას შესაბამის დაწესებულებებზე, მაგრამ თუ მათ სურთ, რომ ინსპექტირება ჩაუტარონ ისეთ დაწესებულებებსაც, რომლებიც კავშირში არ არიან ბირთვულ უსაფრთხოებასთან, ასეთ შემთხვევაში ამის საშუალებას არ მივცემთ, ოღონდ არა იმიტომ, რომ რაიმეს ვმალავთ, არამედ იმიტომ, რომ მათ უნდა იმუშაონ მინიჭებული მანდატის ფარგლებში“, – აცხადებდა რუსეთის სახელმწიფო ბირთვული კომპანიის Rosenergoatom-ის დირექტორის მრჩეველი, რენატ კარჩაა.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია უკრაინულმა მხარემ დაბომბა, რა დროსაც სადგურის ტერიტორიაზე 25 ჭურვი ჩამოვარდა.

რუსული მხარის თანახმად, ერთი ჭურვი მოხვდა ნომერ მეორე დაწესებულების ჯავშანს, სადაც ბირთვული საწვავი ინახებოდა.

უკრაინული მხარე ბირთვული საფრთხეების გავრცელების მცდელობაში რუსეთს ადანაშაულებს.

ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს, რომელსაც ამაჟამად რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. სადგური ევროპაში უდიდესია.

მასალების გადაბეჭდვის წესი