უკრაინის ბირთვული ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელი პეტრო კოტინი აცხადებს, რომ შესაძლოა, რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დატოვონ. ამის შესახებ როიტერსი წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ვითარება კარდინალურად შეიცვლება ნაწილობრივ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს რეგიონში:
„ბოლო კვირების განმავლობაში მიღებული ინფორმაციით, ვხედავთ ნიშნებს, რომ შესაძლოა რუსი სამხედროები ბირთვული ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებოდნენ“, — ამბობს ენერგოატომის ხელმძღვანელი პეტრო კოტინი.
მისი თქმით, რუსულ მედიაში აქტიურად საუბრობენ, რომ უმჯობესი იქნება, თუ სადგურზე კონტროლი საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს გადაეცემა: „იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ბარგს ალაგებენ და იპარავენ ყველაფერს, რისი წაღებაც შეუძლიათ“.
როიტერსი აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსული და უკრაინული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სარაკეტო შეტევებში. სადგური უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიკავეს რუსეთის ძალებმა და ამ დროის განმავლობაში როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო არაერთხელ აფიქსირებდნენ შეშფოთებას, რომ შესაძლოა, ჩერნობილის შემდეგ სამყარო უდიდესი ბირთვული კატასტროფის მომსწრე გამხდარიყო. ამ დროისთვის ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის გამომუშავება შეჩერებულია.
კითხვაზე, ადრე ხომ არ არის იმის თქმა, რომ რუსეთის ძალები სადგურის დატოვებას გეგმავენ, კოტინი პასუხობს, რომ მართლაც ასეა: — „ახლა ამას ვერ ვხედავთ, მაგრამ ისინი ემზადებიან წასასვლელად“.
როიტერსი აღნიშნავს, რომ მიმდინარე თვეში უკრაინამ ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხერსონის და მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დიდ ნაწილზე კონტროლის დაბრუნება შეძლო.
პარასკევს გაეროს ბირთვული რეგულირების სააგენტომ განაცხადა, რომ უკრაინის სამი ბირთვული ელექტროსადგური, რომელიც კიევის კონტროლირებად ტერიტორიაზეა, სისტემას კვლავ დაუერთეს მას შემდეგ, რაც რუსეთის დაბომბვის გამო ავარიულად გაითიშა.