ახალი ამბები

დავაკავეთ პირი, რომელიც თბილისში არარსებულ ბინებს ყიდდა — საგამოძიებო სამსახური

22 ნოემბერი, 2022 • 1169
დავაკავეთ პირი, რომელიც თბილისში არარსებულ ბინებს ყიდდა — საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 1 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, იგი ცდილობდა “გაეყიდა” ბინები, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობდა.

განცხადების მიხედვით, გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებული, რომელიც რამდენიმე კომპანიას ხელმძღვანელობდა, თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით სხვადასხვა ვებ-გვერდზე ათავსებდა განცხადებებს თბილისის უბნებში ბინების თითქოსდა გაყიდვის თაობაზე.

“[ამის შემდეგ] ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს აჩვენებდა იმ ტერიტორიებს, სადაც ვითომდა უნდა დაწყებულიყო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა”, — აღნიშნავს საგამოძიებო სამსახური.

უწყების თანახმად, თაღლითური განზრახვის შენიღბვის მიზნით, ბრალდებული ბინების გაყიდვის თაობაზე აფორმებდა შესაბამის ხელშეკრულებებსაც, რომელიც შემდგომ ნოტარიული წესით მოწმდებოდა.

განცხადების მიხედვით, საბოლოოდ, ბრალდებული დააკავეს ბინის შეძენით დაინტერესებული ერთ-ერთი პირისგან 30 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, თუმცა მის მიერ მოტყუებით დაუფლებული ჯამური თანხა გაცილებით დიდია და ნახევარ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

“ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სხვა შესაძლო დაზარალებულ პირთა დადგენის მიზნით”, — აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი