ახალი ამბები

სასაზღვრო პოლიციას თევზის ფალსიფიცირებულ კონსერვს აწვდიდნენ – საგამოძიებო სამსახური

20 თებერვალი, 2026 •
სასაზღვრო პოლიციას თევზის ფალსიფიცირებულ კონსერვს აწვდიდნენ – საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დააკავეს პირი, რომლის კომპანიაც სასაზღვრო პოლიციას თევზის ფალსიფიცირებულ კონსერვს აწვდიდა.

კერძოდ, დაკავებულია შპს „ბატონოს“ ხელმძღვანელი. მას ბრალად ედება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების  24 177,3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“.

აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის საწარმოს ჩხრეკისას, ამოღებულია 17 241 ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი.

ასევე დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს.

ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისათვის.

რიგ შემთხვევებში, ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

გარდა ამისა დადგინდა, რომ კონსერვის შიგთავსი თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი