ახალი ამბები

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები კლინიკის ეზოში პროტესტს აგრძელებენ

25 იანვარი, 2024 • 1186
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები კლინიკის ეზოში პროტესტს აგრძელებენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები კლინიკის ეზოში პროტესტს აგრძელებენ. ისინი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟს აპროტესტებენ.

როგორც ექიმები აცხადებენ, ხვალ, 26 იანვარს, 3 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან უფრო მასშტაბურ აქციას გამართავენ. ისინი ასევე არ გამორიცხავენ, რომ აქციებმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთანაც გადაინაცვლოს.

„ჩვენ ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას, სანამ რამე არ გაირკვევა. დღეს აქ ვართ და ხვალ იქნება ცოტა დიდი, გამაფრთხილებელი, აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუმცა ვიცით, რომ რაღაც საკითხები ჯანდაცვის სამინისტროშიც არ წყდება, ამიტომ აქციები, ალბათ, მთავრობის სახლთან დაიგეგმება და შეიძლება, აქციებმა უფრო რადიკალური ხასიათიც მიიღოს.

ყველას მოვუწოდებთ, ჩაერთონ ამ პროტესტში. ეს არ არის მხოლოდ რესპუბლიკურის თანამშრომლებისა და ექიმების საქმე, ქვეყანა რჩება ყველაზე დიდი სახელმწიფო კლინიკის გარეშე მინიმუმ 4 წელი და ეს არ შეიძლება დავუშვათ“, – განუცხადა „ტვ პირველს“ მალხაზ გოგუამ.


მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება 22 იანვარს გაასაჯაროვა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება.

ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოს თანამშრომლებს კომპენსაციის ამგვარი მექანიზმი შესთავაზა:

  • ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.
  • თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, კომპენსაციის სახით 4 თვის ხელფასს მიიღებს.
  • სამედიცინო პერსონალს, რომელიც 12- თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო სხვა სამედიცინო კლინიკაში იმავე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.
  • სამედიცინო პერსონალს, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურად გადაუხდის სახელფასო ანაზღაურებას.

გადაწყვეტილების მისაღებად რესპუბლიკურის თანამშრომლებს 2-კვირიანი ვადა მისცა.

თუმცა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები არ ენდობიან მთავრობის პირობას, რომ ტერიტორიაზე ახალი, მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ვარაუდობენ, რომ ტერიტორია, შესაძლოა, სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ.

გარდა ამისა, მათთვის მიუღებელია, თუნდაც დროებით, სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილების პერსპექტივა. ასევე, ბუნდოვანია, მოახერხებენ თუ არა ახალაშენებულ კლინიკაში დასაქმებას.

უნდობლობის ერთ-ერთ მიზეზად ისინი “უპრეცედენტოდ მაღალ” კომპენსაციას ასახელებენ. ფიქრობენ, რომ სამინისტრო ასეთ კომპენსაციას იმიტომ სთავაზობს, რომ პროტესტი ჩააცხროს და მათ კითხვებზე პასუხის გაცემა არ მოუწიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი