ახალი ამბები

აკრძალული გაშუქება და არჩევნები 2010

20 მაისი, 2010 • 1945
აკრძალული გაშუქება და არჩევნები 2010

მას შემდეგ, რაც არჩევნებში მონაწილე  პოლიტიკურმა პარტიებმა მაჟორიტარული და პარტიული სიები წარადგინეს, გაზეთი „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა შინაარსის საარჩევნო სტატიები ქვეყნდება  გაზეთებში,  რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ბათუმში  ორი  ასეთი გაზეთი გამოდის: “ბათუმური ქრონიკები “ და  “აჭარა”. “ბათუმური ქრონიკები” ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტიდან  98 000 ლარით,  გაზეთი “აჭარა “ კი აჭარის ავტონომიის ბიუჯეტიდან 90 000 ლარით ფინანსდება.  “აჭარა”  კვირაში სამჯერ გამოდის, “ბათუმური ქრონიკები” კი ერთხელ.

 საარჩვენო კოდექსში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებდე   რამდენიმე ცვლილება შევიდა.  ოფიციალურად, არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების  შედეგების შეჯამებამდე,  კოდექსის 76–ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აკრძალულია “სახელმწიფო ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ისეთი ბეჭდვითი მასალის (ბუკლეტები, გაზეთები და ასე შემდეგ) დამზადება, რომელშიც ასახულია საარჩევნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, ან/და,  რომელიც შეიცავს საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერ/ საწინააღმდეგო მასალას.” კოდექსში განმარტებულია, რომ  ასეთი ფაქტის  დაფიქსირების შემთხვევაში დამრღვევი ჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით .

 27 აპრილიდან დღემდე  გაზეთმა “აჭარა” “საარჩევნო სუბიექტების შესახებ  სულ 12 სტატია  მოამზადა. მათგან ექვსი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების წარდგენას და მოსახლეობასთან  შეხვედრებს დაუთმო,  სამი სტატია – „ ქრისტიან დემოკრატულ მოძრაობის“, ორი  -“თორთლაძე –დემოკრატიული პარტიის”  წინასაარჩევნო შეხვედრებს. ორი სტატიაა  გამოქვეყნებული მოძრაობა ”ალიანსი საქართველოსთვის “ კანდიდატების წარდგენაზე და ამომრჩევლებთან  შეხვედრაზე და ერთი  ეძღვნება  „ეროვნული საბჭოს“  ლიდერის კახა კუკავას  საარჩევნო შეხვედრებს ბათუმში. 

 “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” წინასაარჩევნო პროცესს აკვირდება.    პროგრამის დირექტორი   ნინა ხატისკაცი  გაზეთ “ბათუმელებთან” საუბარში განმარტავს, რომ კანონი კრძალავს ”ბიუჯეტის სახსრებით  ისეთი ბეჭდური მასალის  დამზადებას  და გამოქვეყნებას, რომელშიც ასახულია საარჩევნო სუბიექტი, ანუ იკრძალება კანდიდატის ფოტოს, სლოგანის და რიგითობის ნომრის გამოქვეყნება. არა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება  ლიფლედი,  ბუკლეტი თუ საგაზათო სტატია “.

 გაზეთ ”აჭარაში” გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით “დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობის პრობლემებს ეცნობა”, თან ერთვის  „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის სათავეში მყოფი რობერტ ჩხაიძის ფოტო. სტატიაში ხაზგასმულია, რომ რობერტ ჩხაიძე ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს დეპუტატობის კანდიდატის რანგში შეხვდა და ეზოების კეთილმოწყობის შესახებ ესაუბრა, რომლისთვისაც ქალაქის ბიუჯეტში 3 მილიონ 770 ათასი ლარია გათვალისწინებული. სტატიაში რამდენჯერმე  ნახსებია მმართველი გუნდის სლოგანი ”– გასაკეთებელი კიდევ ბევრია”. ამავე ნომრის მეორე გვერდზე კიდევ ერთი სტატიაა მმართველი გუნდის  სლოგანით დასათაურებული ” – ახალი მშენებლობები და საწარმოები ახალი სამუშაო ადგილებისთვის”.  სტატიას თან ერთვის ფოტო – სლოგანის ფონზე მწკრივში მდგარი ნაცმოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატები და პარტიული სიის წევრები. .სტატია სრულდება  “ნაციონალური მოძრაობა გამარჯვებული საქართველოსთვის”  პირვეული ოცეულის სიის დაბეჭდვით. 27-28 აპრილის ნომერში საუბარია, რომ  ხელვაჩაურში „ქრისტაინ დემოკრატებმა“   საკუთარი კანდიდატები  წარადგინეს ამ ნომერში კანდიდატთა  ორი გვარია დასახელებული.   

 1-3 მაისის ნომერში ორი სტატია ეთმობა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქრისტიან დემოკრატული გაერთიანების“ მაჟორიტარული და პარტიული სიების წარდგენას აჭარის სამ ოლქში. სტატიებთან ერთად   ორივე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების  ფოტოსურათებია გამოქვეყნებული.

 8-10 მაისის ნომერში ”ალიანსი საქართველოსთვის”  კანდიდატების წარდგენას  ხელვაჩაურში გაზეთის მე–6 გვერდი  ეთმობა. სტატიას თან ერთვის ფოტო, რომელზედაც ალიანსის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებია  გამოსახული.   სტატიაში პარტიული სიის მხოლოდ პირველ ხუთეულზეა საუბარი .

 15-17 მაისის ნომერში საარჩევნო სუბიექტების წინაასარჩევნო შეხვედრების ამსახველი 4 წერილი და 2 ფოტოსურათია. ერთზე „ქრისტიან დემოკრატების“ ლიდერთა ფოტოებია გამოსახული, მათ შორის, ბათუმის #79 ოლქში არც ერთი მათგანი არ იყრის კენჭს. მეორეზე კი გიგი წერეთელის და ბათუმში  ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის, ყოფილი მერის რობერტ ჩხაიძის ხალხთან შეხვედრაა ასახული. მეორე  სტატია, რომელშიც „ნაცმოძრაობის“  მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი კირთაძის და სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის ხალხთან შეხვედრაზეა საუბარი,  , ნაცმოძრაობის“ სლოგანის იდენტური წინადადებით არის დასათაურებული – ”გასაკეთებელი მართლაც ბევრია.”.ამავე ნომერში მოთხრობილია „ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანების“ მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი გოგიტიძის  და “ალიანსი საქართველოთვის” კანდიტატების სულხან ღლონტის და თემურ ყურაშვილის საარჩევნო შეხვედრების შესახებ, თუმცა, ოპოზიიციის კანდიდატების ფოტოები წარმოდგენილი არ არის.

 11-14 მაისის ნომერში  წინაასარჩევნო შეხვედრებს გაზეთის  2 გვერდი ეთმობა . ბათუმში „ნაცმოძრაობის“ მაჟოროტარი დეპუტატობის კანდიდატები  რობერტ ჩხაიძე და გია კავაზაშვილი ამომრჩვლებს შეხვდნენ .

 ამავე ნომრის მეორე წერილი  ბათუმში  „თორთლაძე –დემოკრატების“ კანდიდატების წარდგენას ეთმობა. სტატიაში პარტიული სიის პირველი ათეულის სახელები და გვარებია მოყვანილი. ( 6-7 მაისის ნომერში კვლავ რობერტ ჩხაიძის და ნუკრი დოლიძის ფოტოებია. აქვეა მეორე წერილიც, სადაც კიდევ ერთი ფოტოა გამოქვეყნებული, ლევან ვარშალომიძე , რობერტ ჩხაიძე და მთავრობის  რამდენიმე თანამშრომელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ათვალიერებენ.(რობერტ ჩხაიძე მერის თანამდებობიდან  უკვე გადამდგარი იყო )

 ”ბათუმური ქრონიკები” ბოლო  სამ ნომერს უთმობს  სარჩევნო პრროცესების გაშუქებას. ბოლო , 14- 17 მაისის, ნომერში  12 –დან  8  გვერდი  არჩევნებს  ეთმობა . პირველ გვერდზე გამოტანილია ბათუმის 79-ე ოლქში  მონაწილე სუბიექტების რიგითობის ნომერი და მათი სლოგანი, შემდეგი თანმიმდევრობით:

 1.ნაციონალური მოძრაობა(5) 2. ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება(10) 3.თორთლაძე –დემოკრატიული პარტია(21) 4. თოფაზე-მრეწველები(3).5. პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლება“(15) 6. ეროვნული საბჭო(7) 7.ალიანსი საქართველოსთვის (2) შემდეგ თითოეული გვერდი თანაბრად ეთმობა  ყოველ სუბიექტს უკვე ჩამოთვლილი თანმიმდევრობით.

თითოეული სუბიექტის წარმომადგენელი ჟურნალისტის მიერ დასმულ სამ კითხვას პასუხობს. სტატიის დანარჩენი ნაწილი კი მაჟორიტარების დახასიათებას ეხება. ყოველ გვერდზე მითითებულია, რომ ეს არის უფასო პოლიტიკური რეკლამა. ხოლო გაზეთის წინა ორი ნომერი ეთმობა ცესკოს ოფიციალურ ინფორმაციას არჩენებში მონაწილე სუბიექტების მაჟორიტარულ და პროპორციულ სიებს.

  გაზეთ  “ბათუმური ქრონიკების” წარმომადგენელი ჟურნალისტი მარინა კუპრეიშვილი აცხადებს, რომ ბათუმის ოლქში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას გაზეთმა  თანაბრად დაუთმო გვერდი უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის. ხოლო წინა  ორ ნომერში გაზეთმა დაბეჭდა ცესკოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია სუბიექტების მაჟორიტარული და პროპორციული სიების შესახებ და, ამ შემთხვევაშიც, დაცული იყო თანაბრობის პრინციპი. რაც შეხება რიგითობას,  ჟურნალისტი განმარტავს, რომ ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა  ადრე მიაწოდა, დანარჩენმა კი  მოგვიანებით და ეს ამით იყო განპირობებული.  გაზეთ “აჭარის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ცეცხლაძე აცხადებს, რომ, მართალია,  გაზეთი იღებს დაფინანსებას რეგიონის ბიუჯეტიდან, მაგრამ ეს არ არის ის თანხა, რომელიც საკმარისია კვირაში სამი ნომრის გამოცემისთვის, ” ჩვენ საკუთარი სახსრებიც გაგვაჩნია და ვცდილობთ, პოლიტიკური პარტიების გაშუქების დროს ბალანსი დავიცვათ, სხვა ვალდებულებები, საარჩევნო კოდექსის თანახმად,  არ გაგვაჩნია”

 ”საერთაშორისო გამჭირვალობა –საქართველოს”  წარმომადგენელი ნინა ხატისკაცი მიიჩნევს, რომ გაზეთ “აჭარის “  ზემოთ მოყვანილი ფაქტები არის საარჩევნო კოდექსის დარღვევა.

 “ ჩვენ მივმართავთ ამ ფაქტების  გამო ცესკოს და მისი პრეროგატივა ზემოქმედებაა”.

  ამავე ორგანიზაციის იურისტის განმარტებით, თუ ცესკომ და შემდეგ სასამართლომ   ფაქტები შეაფასა  საარჩევნო კოდექსის 76 -ე მუხლის მე- 3 პუნქტის დარღვევად, ამ შემთხვევაში დაჯარიმდება გაზეთი და არა პოლიტიკური სუბიექტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი