ახალი ამბები

ჩემთვის მიუღებელია, უფრო ზომიერ განცხადებებს ავირჩევდი – ღარიბაშვილი „ხალხის ძალაზე“

18 ნოემბერი, 2022 •
ჩემთვის მიუღებელია, უფრო ზომიერ განცხადებებს ავირჩევდი – ღარიბაშვილი „ხალხის ძალაზე“

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების განცხადებები აშშ-სა და მის ელჩთან დაკავშირებით.

ამის შესახებ მან დღეს, 18 ნოემბერს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

ღარიბაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს, რომელიც მათ შორის შეეხება „ოცნებიდან“ წასული – „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

ღარიბაშვილის თქმით, „ხალხის ძალის“ წევრებმა „ქართული ოცნება“ დატოვეს და მათი „გზები გაიყო და გაიმიჯნა“, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში იმიტომ დარჩნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ დაეკარგა.

ამასთან, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციური უფლებაა და აღნიშნა, რომ „სხვა მოძრაობის საქმიანობაში“ არ ერევიან.

„მე, როგორც მთავრობის მეთაური და „ქართული ოცნების“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ვაცხადებ, რომ ჩემი პირადი ვალდებულებაა, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ, გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორული, მეგობრული ურთიერთობები მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან: აშშ-თან, ევროკავშირთან, ევროპულ სახელმწიფოებთან და არამხოლოდ მათთან, რეგიონში ყველასთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა.

ასე რომ, ჩემი პოზიცია არის ძალიან მარტივი, ერთმნიშვნელოვანი, აქ არავითარი სპეკულაციის მიზეზი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა და ეს ურთიერთობა დაწყებულია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა… ჩემთვის პირადად მიუღებელია, მე ავირჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს იგივე ამერიკის ელჩის მისამართით. მე ასე მიმაჩნია. ეს ჩემი აზრია. თუ კითხვები არსებობს, დავსვათ, მაგრამ არ შეიძლება ზომიერება დავარღვიოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო პატარა სახელმწიფოა, რომელსაც პრაგმატული, გონივრული და ზომიერი მოქმედება და პოლიტიკის წარმოება სჭირდება.


პარტია „ხალხის ძალა“ დააფუძნეს „ქართული ოცნებიდან“ გასულმა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილმა დეპუტატებმა და თქვეს, რომ ასე უკეთ შეძლებდნენ „კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის გატანას“ და საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებას.

„ხალხის ძალა“ აგრძელებს „ოცნების“ მიერ წამოწყებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას, რომ თითქოს საქართველო მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო ისჯება და ამიტომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ვერ მიიღო.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები აშშ-ს ადანაშაულებენ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში და აცხადებენ, რომ აშშ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს.

“ერთი სხეულის ორი ხელი” – რა გეგმების აქვს „ხალხის ძალას“

მასალების გადაბეჭდვის წესი