ახალი ამბები

რა იცვლება კანონში ავტომანქანების მძღოლებისთვის – კანონპროექტი

16 ნოემბერი, 2022 • 7590
რა იცვლება კანონში ავტომანქანების მძღოლებისთვის – კანონპროექტი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს მეორე მოსმენით განხილვისას ახალი რედაქციები დაემატა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღეს, 16 ნოემბერს, პარლამენტში ისაუბრა.

კერძოდ, დარახველიძის თქმით, კანონპროექტით სატრანსპორტო საშუალებებზე იცვლება სხვადასხვა დარღვევაზე განსაზღვრული ჯარიმები. კერძოდ, მისი თქმით:

    • ხმაურის რეგულირების დარღვევის შემთხვევაში პირველ ჯერზე განსაზღვრული იქნება 50-ლარიანი ჯარიმა, მეორე შემთხვევაში – 200 ლარი, ხოლო მესამე ჯერზე – 300 ლარი.
    • თუკი ავტომობილის დამუქებული მინები დასაშვებ ნორმას 10%-მდე აღემატება, მფლობელს ჯარიმა განესაზღვრება 100 ლარის ოდენობით, ხოლო 10%-ით და მეტით გადაცილების შემთხვევაში ჯარიმა განისაზღვრება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი, 1000 ლარით.
    • იმ შემთხვევაში, თუ პირი ავტომობილს ერთი სანომრე ნიშნის გარეშე მართავს, ის დაჯარიმდება 100 ლარით, ხოლო თუ სანომრე ნიშანი არც წინა და არც უკანა მხარეს არ აქვს, ის დაჯარიმდება 2 000 ლარით.
    • სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად შემთხვევის ადგილის მიტოვების ან გაქცევის შემთხვევაში პირს ჯარიმა განესაზღვრება 250 ლარის ოდენობით და ჩამოერთმევა მართვის მოწმობა 6 თვით. ხოლო პირი, რომელსაც ასეთ შემთხვევაში არ ექნება მართვის მოწმობა, დაჯარიმდება 1 500 ლარით. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გაიქცევა და საავარიო ვითარებას შექმნის, ერთი წლით ჩამოერთმევა მართვის მოწმობა, თუმცა ნახევარი წლის გასვლის შემდეგ მოწმობის დაბრუნების მოთხოვნის შესაძლებლობა ექნება.
    • გასწრების წესის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება 100 ლარამდე.
    • უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილით დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს და ქვეყნიდან ისე გავა, რომ არ გადაიხდის, ჯარიმის გადახდამდე საქართველოში შემოსვლის უფლება აღარ ექნება

აღნიშნული ცვლილებები პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილეს. კანონპროექტის თანახმად, ჯარიმები იცვლება ავტომობილის მართვისას სხვა დარღვევებზეც, რის შესახებაც დარახველიძემ პარლამენტში კანონპროექტის პირველი მოსმენისას ისაუბრა. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად:

  • სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ხოლო აღნიშნული სამართალდარღვევის იმ პირის მიერ ჩადენა, რომელიც ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით;
  • იმ შემთხვევაში, თუ სიჩქარის გადაჭარბებას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო თუ მას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით;
  • სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;
  • ავტომობილის განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება ე.წ. დრიფტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ, პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას,− გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ხოლო თუ აღნიშნულს მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
  • არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან/და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების ან/და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი დაცვა-გაცილების გარეშე, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იმ შემთხვევაში, თუ ამას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
  • სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე სპეციალური ციმციმა სიგნალის და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს კონფისკაციას. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით;
  • ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის სანაცვლოდ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობებით ერთდროულად სარგებლობა ან გაუქმებული/ძალადაკარგული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა ან/და პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შესახებ უფლებამოსილი ორგანოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება სანაცვლო სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მიზნით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით;
  • სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სხვისი მართვის უფლებით (მართვის მოწმობით) სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით;
  • სატრანსპორტო საშუალების მართვა საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.;
  • სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ არის რეგისტრირებული დადგენილი წესით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
  • იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერის შედეგად მოხსნილია აღრიცხვიდან, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
  • იმ სპორტული დანიშნულების ავტომობილის მართვა, რომლის ტექნიკური პასპორტიც (რეგისტრაცია) გაუქმებულია, − გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
  • საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით;
  • სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
  • ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის შეფერხება, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირისთვის − დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით;
  • ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირისთვის − დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი