ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოება “აგენტების” შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ

16 ნოემბერი, 2022 •
აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოება “აგენტების” შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ

აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესაძლო რეგულირების საკითხებზე სოხუმში შეხვედრა გაიმართა.

კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ რუსეთში მოქმედებს და რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია პირდაპირ თუ ირიბად, რომ იდენტური კანონი აფხაზეთმაც უნდა მიიღოს. აფხაზეთში არასამთავრობო და სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმაციით, 2023 წლის გაზაფხულზე აფხაზეთის პარლამენტში შევა კანონპროექტი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ. ინიციატივას აფხაზური არასამთავრობო სექტორი მხარს არ უჭერს.

“თუკი აუცილებელია ჩვენი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რატომ არ მოდიან პირადად ჩვენთან სასაუბროდ? ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს: “მოდით, ყველაფერი, ყველა კაპიკი ანგარიშზე ღია და გამჭვირვალე გვაქვს”. თუმცა არ მოდიან. მცირე საზოგადოება ვართ, მჭიდრო სოციალური კავშირებით და კითხვების არსებობის შემთხვევაში, ყოველთვის შეგვიძლია ერთმანეთს დავუსვათ. მაგრამ, როგორც ჩანს, საქმე ინფორმაციის მიღებას კი არა, დაშინებასა და ზეწოლას ეხება.

ეს პოლიტიკა ჯერ კიდევ რაულ ჯაკუმოვიჩის [ხაჯიმბა – ყოფილი პრეზიდენტი] დროს დაიწყო, თუმცა ამჟამად შესაძლოა, უფრო სერიოზული სახე მიიღოს, თუკი დროულად არ მივაქცევთ ამ ახალ ტენდენციებს ყურადღებას. ვის აძლევს ეს ხელს? ვის სჭირდება საზოგადოებაში დაძაბულობის გაზრდა? ასეთი მიდგომა ვერ გადაჭრის ვერანაირ პრობლემას, მხოლოდ გააღრმავებს დაპირისპირებას. დღეს იქმნება ახალი ტელეგრამ არხები, რომლებიც სპეციალურადაა მიმართული სამოქალაქო საზოგადოებასთან, როგორც მტერთან, ბრძოლისკენ. ვიღაც ანონიმურად მუშაობს, ზოგს ვიცნობთ”, – განაცხადა შეხვედრაზე ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა არდა ინალ-იპამ.

მისივე განმარტებით, მაგალითად, გერმანული ორგანიზაცია “ბერგოფ-ცენტრი” უკვე შეტანილია არასასურველ ორგანიზაციათა ჩამონათვალში.

“თუმცა, იციან კი აღნიშნული გადაწყვეტილების მიმღებებმა, რომ სწორედ ეს ორგანიზაცია იყო შლაინინგის პროცესის [ქართულ-აფხაზური არაფორმალური სამშვიდობო დიალოგი 2000-2007 წლებში, სადაც პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორი მონაწილეობდნენ] თანაორგანიზატორი, რომელსაც მისი აფხაზი მონაწილეები, სახელისუფლებო სექტორის ჩათვლით, მაღალ შეფასებას აძლევდნენ. დღეს ეს ორგანიზაცია ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, როდესაც 1992-1993 წლების ომის მონაწილეთა ტრაგიკულ ისტორიებს ათასობით ადამიანის ასმენინებს”, – ამბობს არდა ინალ-იპა.

აფხაზური მედია აქვეყნებს შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილის, პოლიტოლოგ ასტამურ ტანიას მოსაზრებას.

“ნებისმიერი კანონები, რომლებიც მიმართულია ადამიანებისთვის რაიმე იარლიყების მიწებებისკენ, ძირს უთხრის აფხაზური საზოგადოების საფუძველს – სოლიდარობას. თუკი ადამიანებს დავყოფთ რაიმე ნიშნებით, ეს ჩვენი საზოგადოების კონკურენტუნარიანობას დააზარალებს. აზრის თავისუფლების ხელოვნურად შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა საზოგადოების გასულელებას გამოიწვევს”, – განაცხადა პოლიტოლოგმა ასტამურ ტანიამ.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა ინალ არძინბამ ჯერ კიდევ პოსტზე დანიშვნიდან [2021 წლის 17 ნოემბერი] რამდენიმე დღეში შეხვედრა გამართა აფხაზეთში მომუშავე არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან [World Vision, დანიის ლტოლვილთა საბჭო, UNDP- გაეროს განვითარების პროგრამა], სადაც მონაწილეებს აუკრძალა  ქართულ-აფხაზური პროექტების განხორციელება. ამასთან, ინალ არძინბა აცხადებს, რომ ქართულ-აფხაზური პროექტები “საქართველოს სპეცსამსახურების მიზნებს” ემსახურება. ამ საკითხის გარშემო არძინბა პერიოდულად სხვადასხვა ფორმატში საუბრობს.

აფხაზეთში არასამთავრობოები “იატაკქვეშ” ინაცვლებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი