ახალი ამბები

დუდას თქმით, პოლონეთში, დიდი ალბათობით, უკრაინის რაკეტა ჩამოვარდა

16 ნოემბერი, 2022 • 729
დუდას თქმით, პოლონეთში, დიდი ალბათობით, უკრაინის რაკეტა ჩამოვარდა

პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას განცხადებით, პოლონეთში, დიდი ალბათობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტა ჩამოვარდა.

დუდამ მომხდარს „სამწუხარო უბედური შემთხვევა“ უწოდა.

„საქმე გვაქვს ექსტრაორდინალურ მოვლენასთან, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის მასიობრივ თავდასხმასთან უკრაინაზე. სამწუხაროდ, რაკეტების დიდი ნაწილი დასავლეთ უკრაინის მიმართულებით იყო გასროლილი“, — თქვა დუდამ.

იმ ინფორმაციით, რაც პოლონეთს და მოკავშირეებს აქვთ, დუდას თქმით, პოლონეთში ჩამოვარდა საბჭოთა კავშირის წარმოების S-300 რაკეტა, რომელიც, დიდი ალბათობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის იერიშის მოსაგერიებლად გაისროლა.

„ბევრი მინიშნება არსებობს, რომ ეს იყო საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც, სამწუხაროდ, პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა“, — თქვა დუდამ.

მისი თქმით, პოლონეთს არ გააჩნია რამე მტკიცებულება, დაასკვნას, რომ ეს იყო თავდასხმა პოლონეთზე, ან რაკეტა გაშვებული იყო რუსული მხარის მიერ.

15 ნოემბრის ღამით პოლონეთში (რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა), უკრაინის საზღვართან ახლოს მოხდა აფეთქება, რამაც ორი ადამიანი იმსხვერპლა. მომხდარიდან მალევე „ტელეგრამ“ არხებსა და მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს 2 რუსული რაკეტა პოლონეთში ჩამოვარდა და აფეთქებაც სწორედ ამას უკავშირდებოდა.

აფეთქების გამო პოლონეთში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა. სხდომის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის მთავრობა ნატო-ს მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს განიხილავს. პარალელურად, ნატოში აცხადებენ, რომ ალიანსი იკვლევს გავრცელებულ ცნობებს და კოორდინაციაში არიან პოლონეთთან.

უკრაინა პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების გაშვებაში რუსეთს ადანაშაულებს, რუსეთი ბრალდებას უარყოფს და პროვოკაციას უწოდებს.

ბაიდენმა ოთხშაბათს ინდონეზიაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში რაკეტა რუსეთიდან ისროლეს.

15 ნოემბერს რუსეთმა მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინაზე. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 77 მფრინავი რაკეტა, 10 ირანული „შაჰედ 136“ და ერთი „ორიონი“ ჩამოაგდო.

ოქტომბრის ბოლოს მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის (ჰსთ) მიერ მოგერიებული რუსული რაკეტა მოლდოვაში, უკრაინის საზღვართან მდებარე ნასლავჩას დასახლებასთან ჩამოვარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაზიანდა შენობების ფანჯრები.

უკრაინაზე თავდასხმის დროს 2 რაკეტა პოლონეთში ჩამოვარდა – მედია

მასალების გადაბეჭდვის წესი