ახალი ამბები

ოლიგარქთა რეესტრი პარლამენტის ნაცვლად, შესაძლოა, მთავრობამ შეადგინოს

15 ნოემბერი, 2022 • 1355
ოლიგარქთა რეესტრი პარლამენტის ნაცვლად, შესაძლოა, მთავრობამ შეადგინოს

ოლიგარქთა რეესტრი პარლამენტის ნაცვლად, შესაძლოა, მთავრობამ შეადგინოს.

ამის შესახებ დღეს, 15 ნოემბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას განაცხადა.

კანონპროექტის ინიცირებულ ვერსიაში ოლიგარქების სპეციალური რეესტრის შედგენაზე პასუხისმგებელი იყო პარლამენტი, თუმცა ოხანაშვილმა დეპუტატებს შესთავაზა ცვლილების შეტანა პროექტში, რომლის თანახმად, აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებელი მთავრობა იქნება.

„ჩვენ შემოგთავაზეთ პარლამენტის ჩართულობა ამ პროცესში და ეს ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან შეფასდა როგორც ინტერსთა კონფლიქტი და სპეკულაციურად გამოიყენეს, რომ თითქოს ჩვენ ამით ავცდით უკრაინულ მოდელს. გთავაზობთ, რომ პარლამენტის ნაცვლად საქართველოს მთავრობა იყოს განსაზღვრული ოლიგარქთა რეესტრის შედგენაზე, როგორც ეს უკრაინაშია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებები შევა კანონპროექტის ყველა მუხლში და პარლამენტის წევრებს საბოლოო რედაქცია ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე საკითხის კენჭისყრამდე წარედგინებათ.


„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრებმა მოახდინეს, ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზეა შემუშავებული.

უკრაინული კანონის გადმოღებას არ ეთენხმება ოპოზიცია და აცხადებს, რომ ამ კანონპროექტის ამ სახით მიღება არ შეიძლება და ის ქართულ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გაიგზავნოს.

თუმცა „ქართული ოცნება“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია ერთი-ერთში გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელსაც დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონზე გასცემს, ვინაიდან სწორედ უკრაინული მოდელის მიღებას გეგმავს.

ვის მიიჩნევენ ოლიგარქად? — „ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი