ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვი სოხუმის პირობებს “ბიჭვინთაზე” არ გაითვალისწინებს

15 ნოემბერი, 2022 • 1908
მოსკოვი სოხუმის პირობებს “ბიჭვინთაზე” არ გაითვალისწინებს

აფხაზური მედიაგამოცემის, “ნუჟნაია გაზეტას” ცნობით, მოსკოვმა ოფიციალურად უპასუხა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო სამინისტროს წერილს, სადაც ბიჭვინთის შეთანხმებისთვის აფხაზური მხარე ორ პირობას ასახელებდა.

ბიჭვინთის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებამდე სოხუმი ითხოვდა, შეთანხმების დოკუმენტში შეეცვალათ არასწორად მითითებული კოორდინატები, რომელმაც გააფართოვა გადასაცემი ტერიტორიის ფართობი. ასევე, სოხუმი ითხოვდა შეთანხმებაში პუნქტის ჩართვას,  რომელიც შეზღუდავს მესამე პირებზე ტერიტორიის გადაცემას.

რუსული მხარის განმარტებით, სოხუმის პირობები მისაღებია, თუმცა იქამდე, სანამ შეთანხმება არ იქნება რატიფიცირებული აფხაზეთის პარლამენტის მიერ, ცვლილებები მასში ვერ აისახება.

სოხუმი ორ პირობას აყენებს ბიჭვინთის ტერიტორიის მოსკოვისთვის გადასაცემად

რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემაზე შეთანხმების არსებული სახით რატიფიცირების წინააღმდეგი არიან აფხაზეთში ოპოზიციური ძალები და ორგანიზაციები.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ერთი თაობა ბიჭვინთაში სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე იცხოვრებს. სწორედ ამიტომ, აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციურად განწყობილი და ნაკლებად პოლიტიზებული მოსახლეობაც კი, აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგია. ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადასაცემად აფხაზეთის პარლამენტის მიერ შეთახმების შესახებ კანონის რატიფიცირებაა საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი