ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი ორ პირობას აყენებს ბიჭვინთის ტერიტორიის მოსკოვისთვის გადასაცემად

15 ნოემბერი, 2022 • 2036
სოხუმი ორ პირობას აყენებს ბიჭვინთის ტერიტორიის მოსკოვისთვის გადასაცემად

ლეონიდ ლაკერბაია, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი, რომელიც სხვა აფხაზ დეპუტატებთან ერთად ბიჭვინთის გასხვისების საკითხზე სამჯელოდ რუსეთის დუმაში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ აფხაზურმა მხარემ რუს პარლამენტარებს საკუთარი პირობები გააცნო.

აფხაზი დეპუტატები მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც 10 ნოემბერს რუსეთის სახელმწიფო დუმაში რუსულ მხარესთან განხილეს ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ საკითხი.

ლეკარბაიას ცნობით, რუსულმა მხარემ აფხაზური მხარის შიშები ჯერ კიდევ დე ფაქტო საგარეო უწყების 6 ოქტომბრით დათარიღებული ნოტით მოისმინა, სადაც აფხაზური მხარე შეთანხმებაში ითხოვს ორი პარამეტრის ცვლილებას.

“პირველი, ეს არის არასწორად მითითებული კოორდინატები, რომელმაც გააფართოვა გადასაცემი ტერიტორიის ფართობი, მეორე კი, ჩასართავია პუნქტი, რომელიც შეზღუდავს მესამე პირებზე ტერიტორიის გადაცემას”, – ამბობს ლაკერბაია.

მისივე განმარტებით, აფხაზეთში იგეგმება რუსეთის დუმის წარმომადგენლების ვიზიტი, სადაც, სავარაუდოდ, რუსული მხარის პოზიცია გახმიანდება.

რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემაზე შეთანხმების არსებული სახით რატიფიცირების წინააღმდეგი არიან აფხაზეთში ოპოზიციური ძალები და ორგანიზაციები.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ერთი თაობა ბიჭვინთაში სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე იცხოვრებს. სწორედ ამიტომ, აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციურად განწყობილი და ნაკლებად პოლიტიზებული მოსახლეობაც კი, აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგია. ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადასაცემად აფხაზეთის პარლამენტის მიერ შეთახმების შესახებ კანონის რატიფიცირებაა საჭირო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი