ახალი ამბები

მინდა, რომ ეს აგრესიული რუსული ომი სამართლიანად დასრულდეს — ზელენსკი G20-ის სამიტზე

15 ნოემბერი, 2022 • 1468
მინდა, რომ ეს აგრესიული რუსული ომი სამართლიანად დასრულდეს — ზელენსკი G20-ის სამიტზე

“დარწმუნებული ვარ, ახლაა დრო, როცა რუსეთის დამანგრეველი ომი უნდა და შეიძლება დასრულდეს”, — მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “დიდი ოცეულის”(G20) სამიტზე შეკრებილ პოლიტიკურ ლიდერებს.

ვიდეომიმართვაში, რომელიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მიმდინარე სამიტის მსვლელობისას აჩვენეს, ზელენსკიმ ასევე ითხოვა მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული შეთანხმების ვადის გახანგრძლივება.

უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, რუსეთის ნდობა არ შეიძლება და არ იქნება არანაირი მინსკი-3-ის შეთანხმება, რომელსაც მოსკოვი მისი მიღწევისთანავე დაარღვევს.

ზელენსკის თქმით, არ მისცემენ საშუალებას რუსეთს, დრო მოიგოს, თავისი ძალები გააძლიეროს და “შემდეგ დაიწყოს ტერორისა და გლობალური დესტაბილიზაციის ახალი სერია”.

მინსკი-1 და მინსკი-2  რუსეთსა და უკრაინას შორის გასულ წლებში მიღწეული შეთანხმებებია, რომელთა თანახმადაც უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო.

“მინდა, რომ ეს აგრესიული რუსული ომი სამართლიანად, გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე დასრულდეს”, – დასძინა მან და დაამატა:

“უკრაინას არ უნდა შესთავაზონ კომპრომისები საკუთარ სინდისთან, სუვერენიტეტთან, ტერიტორიასთან და დამოუკიდებლობასთან. ჩვენ პატივს ვცემთ წესებს და სიტყვის ხალხი ვართ”.

ზელენსკიმ არაერთგზის აღნიშნა, რომ მიმართავდა “G19”-ის ლიდერებს და ამ ფორმით გამორიცხავდა “დიდ ოცეულში” რუსეთის ყოფნას.

პრეზიდენტმა, სხვა საკითხებთან ერთად, ქალაქ ხერსონის გათავისუფლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ოპერაცია მოგვაგონებს წარსულში მომხდარ მრავალ ბრძოლას, რომელთაც გარდამტეხი როლი ითამაშეს ომებში.

“ეს ბრძოლები ისეთი ცვლილებების სიმბოლო იყო, რომელთა შემდეგაც ადამიანებმა უკვე იცოდნენ, ვინ გაიმარჯვებდა, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გამარჯვებისთვის ბრძოლა ჯერაც წინ იყო”, — თქვა ზელენსკიმ და ამ კონტექსტში ახსენა მოკავშირეთა დესანტის გადასხმა ნორმანდიაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომში შემობრუნების წერტილად იქცა.

ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა წარმოადგინა მისი ქვეყნის ხედვები, მათ შორის, ბირთვულ და სურსათის უსაფრთხოებაზე, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობასა და ესკალაციის პრევენციაზე.

დიდი ოცეულის სამიტი 15 ნოემბერს დაიწყო. სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ ესწრება. მის ნაცვლად იქ იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

როგორც გამოცემა “უკრაინსკა პრავდა” წერს, უკრაინის პარლამენტმა დაარეგისტრირა რეზოლუციის პროექტი, რომლითაც სთხოვს G20-ის ქვეყნებს, გარიცხონ რუსეთი ორგანიზაციიდან.

ბაიდენი და სი ძინპინი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ხვდებიან ერთმანეთს

მასალების გადაბეჭდვის წესი