ახალი ამბები

CIA-ის დირექტორი რუსეთის საგარეო დაზვრევის სამსახურის ხელმძღვანელს ანკარაში შეხვდა

14 ნოემბერი, 2022 • 1478
CIA-ის დირექტორი რუსეთის საგარეო დაზვრევის სამსახურის ხელმძღვანელს ანკარაში შეხვდა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი უილიამ ბარნსი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ სერგეი ნარიშკინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ სამთავრობო მედიას TASS ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დაუდასტურა.

ამის შესახებ ცნობები ვრცელდება დასავლურ მედიაშიც. Reuters-ის თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია შეხვედრის გამართვამდე ანონიმურად დაადასტურა თეთრი სახლის ერთ-ერთმა სპიკერმაც.

გამოცემის ცნობით, მან განაცხადა, რომ შეხვედრას არ ექნებოდა მოლაპარაკებების სახე და ბარნსი ნარიშკინთან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეების შესახებ ისაუბრებდა:

“ის [ბარნსი] არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. ის არ განიხილავს უკრაინაში ომის დარეგულირების საკითხს. [ბარნსი] გადასცემს გზავნილს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგებზე და სტრატეგიული სტაბილურობის ესკალაციის რისკებზე… ის ასევე ისაუბრებს უსამართლოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქეების საქმეებზე”, – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა.

მისი თქმით, აშშ-მა უკრაინას აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია წინასწარ აცნობა.

“ჩვენ მტკიცედ ვიცავთ ფუნდამენტურ პრინციპს: არაფერი უკრაინაზე, უკრაინის გარეშე”, – თქვა მან.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს არის  რუსეთისა და აშშ-ის მაღალი რანგის თანამდებობის პირებს შორის პირისპირ შეხვედრის პირველი ცნობილი შემთხვევა.

TASS-ის თანახმად, პესკოვმა გამოცემას უთხრა, რომ შეხვედრის ინიციატორი ამერიკული მხარე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი