კომენტარი

ვაშაძის მოლოდინით EU საქართველოს განაცხადს “ალბანური ვარიანტით” უპასუხებს

10 ივნისი, 2022 • 3122
ვაშაძის მოლოდინით EU საქართველოს განაცხადს “ალბანური ვარიანტით” უპასუხებს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოსთვის უმძიმესია. მისი თქმით, ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

“ეს არის უმძიმესი რეზოლუცია საქართველოსთვის. სახელმწიფო, რომელიც მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ბრიუსელში, ვაშინგტონშიც, ბერლინშიც ყოველთვის აღიქმებოდა როგორც რეფორმების ლოკომოტივი, აღმოჩნდა სრულ მაჩანჩალად. ამის მიზეზის ძებნას თუ დავიწყებთ და მივყოფთ ხელს, რახან ასე ძალიან უყვარს ქართულ პოლიტიკურ კლასს ერთმანეთის დადანაშაულება, მაშინ გავიხსენოთ მთავარი პოსტულატი ევროპული პოლიტიკური ცხოვრების – წარუმატებლობაზე ყოველთვის პასუხს აგებს ხელისუფლება. ის, რაც მოხდა ევროპარლამენტში, ეს არის ხელისუფლების “დამსახურება”.

საკმარისია ორი თარიღი გავიხსენოთ – 5 ივლისი, როდესაც ფიზიკურად დაამცირეს და გალახეს ჟურნალისტები, და 19 აპრილის შეთანხმება, სადაც ევროკავშირმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ასე თუ ისე ცივილიზებულ კალაპოტში დაბრუნებულიყო. მავანს ეგონა, რომ ევროკავშირი იმ შეურაცხყოფას დაივიწყებდა, რომელიც ყველამ მივაყენეთ მის უმაღლეს თანამდებობის პირს”, – განაცხადა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე იმ ნაბიჯებსაც ასახელებს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დარჩენილ ორ კვირაში უნდა გადადგას – მანამ, სანამ ევროპული საბჭო საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

“ამ ორ კვირაში საჭიროა, რომ ჩვენი თანამდებობის პირები, რომლებიც ბრიუსელში ექსკურსიაზე დადიან, ჩაბრძანდნენ, გამოიკვლიონ, შეხვდნენ ევროპარლამენტარებს, დაელაპარაკონ, გაარკვიონ ჩვენთან მიმართებაში ყველა პრეტენზია. თუმცა ჩვენ ყველამ ვიცით ეს პრეტენზიები – მართლმსაჯულების სისტემა, უკანონო მიყურადებები, საარჩევნო სისტემა – და ავიღოთ ვალდებულება იმისა, რომ ეს ყველაფერი იქნება გამოსწორებული.

არსებობს ალტერნატივაც – “ოცნების” ხელმძღვანელობამ გააგრძელოს ძველბიჭური ლაპარაკი ევროპარლამენტთან და აცხადონ მაღალი ტრიბუნიდან, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას თურმე ჩალის ფასი აქვს”, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ოპოზიციას ხელი არაფერზე მიუწვდება და არავინ არაფერს ეკითხება.

“ყველაფერი თვითონ იციან, ყველაფერში სპეციალისტები არიან და ყველა დიპლომატიის ბრწყინვალე ოსტატია, ჩვენს დროს საელჩოების ფინანსური მენეჯერები თურმე მინისტრები გახდნენ და აი, ბატონო, შედეგიც”, – განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებას, ვაშაძის თქმით, ეს იქნება ქვეყნის გათანასწორება რუსეთთან და ბელარუსთან.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ელის, რომ ევროპული საბჭო საქართველოს განაცხადზე ალბანური ვარიანტით უპასუხებს.

ალბანური სცენარი კი გულისხმობს პოტენციური კანდიდატის სტატუსს. ეს სცენარი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, რა დროსაც საქართველოს ექნება კონკრეტულ თარიღამდე დამატებითი პირობების შესრულების ვალდებულება, რომელთა წარმატებით შესრულების შემთხვევაში, ევროსაბჭო იქნება მზად იმსჯელოს ქვეყნისთვის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ. ანუ ფორმულა ამგვარია, თუ ქვეყანა გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს, რაღაც დროის შემდეგ მას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ.

“არ ვიცი, რა გადაწონის. იმიტომ, რომ ევროკავშირი თუ შეხედავს საქართველოს ერს, მაშინ ჩვენ ეს სტატუსი უნდა მივიღოთ, თუ ჩათვლის, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არანაირ ევროპულ პერსპექტივას იმსახურებს, მაშინ უარს გვეტყვიან.

ჩემი მოლოდინით, უკეთეს შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ალბანურ ვარიანტს, როდესაც პირდაპირ სიას დაგვიწერენ თარიღებით და გვეტყვიან, რომ ეს და ეს არის გასაკეთებელი, თუ გნებავთ ევროპულ ოჯახში დაბრუნება”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.

რაც შეეხება საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. მოლდოვისა და უკრაინის შესახებ მსგავსი დათქმა არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი