ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში მიიჩნევენ, რომ აფხაზური პასპორტებით მსოფლიოში გადაადგილება უნდა შეძლონ

10 ნოემბერი, 2022 • 1635
სოხუმში მიიჩნევენ, რომ აფხაზური პასპორტებით მსოფლიოში გადაადგილება უნდა შეძლონ

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე აფხაზურმა მხარემ სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა აფხაზური პასპორტების აღიარების საჭიროებაზე.

შეხვედრა სოხუმში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან

შეხვედრა სოხუმში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან

აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან – ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლებთან საუბარში აფხაზურმა მხარემ ჟენევის დისკუსიების უკანასკნელი, 56-ე რაუნდი შეაფასა და თქვა, რომ საგრძნობი შედეგები მას არ ჰქონია, რადგანაც ქართული მხარე კვლავ არ აწერს ხელს ძალის განუახლებლობის შესახებ დოკუმენტს, რომელიც აფხაზეთს მისცემდა უსაფრთხოების გარანტიებს.

“ამ მხრივ სიტუაცია ჩიხშია შესული, ჩვენ გვთავაზობენ სრულიად სხვა რიგის საკითხების განხილვას, რომელთაც პირდაპირი კავშირი არ აქვთ ძალის განუახლებლობის შესახებ დოკუმენტთან”, – განაცხადა ირკალი ტუჟბამ, დე ფაქტო საგარეო მინისტრის მოადგილემ, რომელიც ასევე მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.

ამასთან, ტუჟბამ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტის რეკომენდაციის კონტექტსში აფხაზეთის მოქალაქეების გადაადგილების უფლების საკითხზე.

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი პასპორტების მფლობელები ევროპის საზღვარს ვერ გადაკვეთენ და ვერც ვიზებს მიიღებენ.

“ამ კონტექსტში, მსოფლიოში გადაადგილებისთვის აქტუალური საკითხია აფხაზეთის ეროვნული პასპორტების ცნობა” ,- ამბობს ტუჟბა.

მაგალითისთვის კი კოსოვო მოიყვანა, რომლის “დამოუკიდებელობსაც არ აღიარებენ ესპანეთი, საბერძნეთი და სლოვაკეთი, თუმცა, ამავე დროს, ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გაიცეს მათთვის ვიზები ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად”.

“ანალოგიური პრაქტიკა უნდა გამოიყენებოდეს აფხაზეთის მიმართ. ეს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენთვის, რომელიც დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს”, – თქვა ირაკლი ტუჟბამ.

დე ფაქტო საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, პასპორტებთან დაკავშირებით ტოივო კლაარმა, ჟენევის დიკსუსიების თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან, განაცხადა, რომ “კონკრეტული გადაწყვეტილება არა აფხაზეთის მოსახლეობის, არამედ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული”.

ამავე თემაზე:

“პასპორტებზე ევროკავშირის სანქცია არაფერს შეცვლის” – განწყობები აფხაზეთში

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან [აგვისტოს ომის შემდეგ] მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლები.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი