ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“პასპორტებზე ევროკავშირის სანქცია არაფერს შეცვლის” – განწყობები აფხაზეთში

30 ოქტომბერი, 2022 •
“პასპორტებზე ევროკავშირის სანქცია არაფერს შეცვლის” – განწყობები აფხაზეთში

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი


აფხაზეთის საგარეო უწყებამ მნიშვნელოვან სიახლედ წარმოაჩინა ევროპარლამენტის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების მხარდაჭერა, თუმცა აფხაზეთის მცხოვრებლები ამ სანქციების წინაშე ჯერ კიდევ 2014 წლიდან, ყირიმის რეფერენდუმის შემდეგ აღმოჩნდნენ. 

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი პასპორტების მფლობელები ევროპის საზღვარს ვერ გადაკვეთენ და ვერც ვიზებს მიიღებენ.

“წლების განმავლობაში ხშირად ვმონაწილეობ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამასა და პროექტში. თუმცა, უკვე 2014 წელს დამიდგა საჭიროება, რუსეთშივე ამეღო რუსეთის მოქალაქის პასპორტი და შემდეგ, ჩაწერის შესაბამისად, საზღვარგარეთის პასპორტიც. სხვა შემთხვევაში, ევროპული ვიზის მიღებას ვერ შევძლებდი”,  – ყვება რესპონდენტი სოხუმიდან. 

როგორც რესპონდენტი გვიყვება, პრაღაში სამმხრივი შეხვედრის ორგანიზატორებმა ფაქტის წინაშე დააყენეს, რომ რუსეთის საელჩოს მიერ აფხაზეთში გაცემული პასპორტით შენგენის ვიზას ვერ აიღებდა.

ამ ცვლილებამ რეალური პრობლემა შეუქმნა აფხაზეთის მოქალაქეებს, თუმცა ამ პრობლემის გადაჭრა მალევე შესაძლებელი გახდა ქრთამის გადახდის შემთხვევაში. სოჭის საპასპორტო განყოფილების თანამშრომლები შეღავათიან ფასად აფორმებენ რუსეთში დროებით “ჩაწერას”. ეს მომსახურება დაახლოებით 8 ათასი რუსული რუბლი [130 აშშ დოლარამდე] ღირს. ამ დოკუმენტით აფხაზეთის ნებისმიერი მცხოვრები უპრობლებოდ გაიფორმებს საზღვარგარეთის პასპორტს რუსეთშივე. 

ასეც მოიქცა მაშინ ბევრი აფხაზი. შესაბამისად, დღეს იმის თქმა, რომ ევროკავშირის სანქციები მნიშვნელოვანად შეაფერხებს და იზოლაციაში მოაქცევს აფხაზებს, არ არის სწორი. დღეს ამ გადაწყვეტილებას აფხაზეთის ხელსუფლება უბრალოდ პოლიტიკური მოტივებით იყენებს. 

მაგალითად, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ ევროკავშრის ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად მოაქცევს აფხაზეთს იზოლაციაში და ამიტომაც საჭიროა, სანქციებს “ვუპასუხოთ აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდივით”. 

“თუ ასეთი გადაწყვეტილება რეალურად იქნება მიღებული ჩვენი საგარეოს მიერ, სწორედ ეს მოაქცევს აფხაზეთს იზოლაციაში – ჩვენ ყველამ უკვე ვიპოვეთ მოგზაურობის, საერთშორისო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა და ახლა თუ საგარეო ამის შეზღუდვას დაიწყებს, აი, სწორედ მაშინ დადგება აფხაზეთის ნამდვილი იზოლაცია. 

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ის [ინალ არძინბა] თავად მიისწრფვის ამისკენ ან ეხმარება ჩვენს მთავარ ოპონენტს – საქართველოს, რომელიც ასევე გვიზღუდავს ყველა საშუალებას იმისთვის, რომ აფხაზეთს ვერ გავცდეთ და მოგზაურობის შანსი არ გვქონდეს”.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში მოქალაქეების 80-90% [სხვადასხვა ოფიციალური და არაოფიციალური მონაცემი] რუსეთის პასპორტს ფლობს. მათი გაცემა წლების განმავლობაში სოხუმსა და ცხინვალში ხდებოდა, თუმცა 2014 წლის შემდეგ [ყირიმის ანექსია] ევროკავშირის ქვეყნების დიდი ნაწილი ასეთი პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის ვიზას აღარ გასცემდა. შესაბამისად, აფხაზებმა და ოსებმა პასპორტების აღება რუსეთშივე დაიწყეს. ამის მიუხედავად, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას აფხაზეთში გაცემული რუსული პასპორტების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით სოხუმი ხისტი განცხადებებით გამოეხმაურა ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას.

რესპონდენტის თქმით, ევროკავშირის და საქართველოს პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს აფხაზების საქართველოსთან მიბმას, საპირისპირო ეფექტი აქვს. 

“სხვა არაფერი გვრჩება იმის გარდა, რომ მივიღოთ რუსული პასპორტები და შევძლოთ მსოფლიოში გადაადგილება. რუსეთის მოქალაქეები ძირითადად ქართველების წყალობთ გავხდით, რადგან ისინი ბლოკავენ ჩვენს პასპორტებს, თუმცა,ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების გარეშეც შეეძლოთ ჩვენი პასპორტების აღიარება. არასწორი პოლიტიკა აირჩიეს აშკარად”.

აფხაზეთში გაცემული რუსული პასპორტების შეზღუდვის საკითხს აფხაზეთში არამხოლოდ საგარეო უწყება გამოეხმაურა. აფხაზმა ომბუდსმენმა ასიდა შაკრილმა, ასევე, გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საუბარია ევროკავშირის პოლიტიკის ორმაგ სტანდარტებზე და დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს. 

“გასაკვირია საუბარი არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიაზე რუსეთის მხრიდან, მაშინ როდესაც ელჩები, ამავდროულად, სთავაზობენ მათ დასჯას, ვინც საქართველოს მხრიდან თავად გახდა არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის მსხვერპლი  – ანუ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

რუსულ-უკრაინული დაპირისპირების კონტექსტში აფხაზეთის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით ევროპული ქვეყნები მთლიანად ხურავენ ქართულ-აფხაზური კონფლიტის თემას, რომლის კულმინაციაც 1992 წელს აფხაზეთის წინააღმდეგ საქართველოს აგრესია გახდა”, – ამბობს შაკრლი.

აფხაზი ომბუსდმენის აზრით, ევროკავშირის ნაბიჯები არ არის თანხვედრაში ადამიანის უფლებებთან, რომლის დასაცავადაც ევროკავშირი თავად იბრძვის. 

“აფხაზეთის მოქალაქეებისთვის შესაძლებლობის წართმევით, გამოიყენონ რუსული პასპორტები და არ აღიარონ აფხაზეთის რესპუბლიკის პასპორტები, ევროკავშირის ქვეყნები ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სასარგებლოდ არ მოქმედებენ, რომელიც დედამიწაზე ყველას ერთნაირად ეკუთვნის და გამყარებულია ასობით საერთაშორისო დოკუმენტით”. 

ამგვარად, სამოქალაქო საზოგადოებისთვის გახმიანებული ახალი სანქციები გახდა საბაბი, კიდევ ერთხელ გაეხსენებინათ აფხაზეთის მოქალაქეების უფლებები ადამიანის საყოველთაო უფლებების კონტექსტში. 

თავის მხრივ, კან ტანია, საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი, ამ საკითხს უფრო ფართო კონტექტსში განიხილავს. მისი აზრით, ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ძველმა მსოფლიო წესრიგმა თავისი დრო ამოწურა.

“წინ გველის გაეროს რეფორმა ან სულაც ახალი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც გაითვალისწინებს შექმნილ პოლიტიკურ რეალობას, აფხაზეთის მოქალაქეებისა და  სხვა სახელმწიფოების უფლებებს, ფართო საერთაშორისო აღიარების გარეშე”, – ამბობს კან ტანია.

აფხაზი დიპლომატები, ჩინოვნიკები და სამოქალაქო აქტივისტები აპელირიბენ ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მე-13 მუხლზე, რომელიც იძლევა გადაადგილების თავისუფლების გარანტიებს. ამავე დროს, პასპორტების მიღებასთან და მათ აღიარებასთან დაკავშირებული პრობლემები თავად აფხაზეთშიც არსებობს. 

2014 წელსვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 20 ათასზე მეტმა ეთნიკურმა ქართველმა დაკარგა აფხაზური პასპორტი. მასობრივი პროტესტი და უფლებადამცველთა მსგავსი აქტიურობა კი ამასთან დაკავშირებით არავის ახსოვს. 

ბევრ მათგანს, ვისაც აფხაზური პასპორტი ჩამოართვეს, ქართულ პასპორტზე უარი არ უთქვამს. შესაბამისად, მხოლოდ აფხაზეთის ბინადრობის მოწმობა მიიღო. ზოგიერთმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც მხოლოდ საქართველოს პასპორტები აიღეს. მათ შორისაა თენგიზ ბუავა.

თენგიზ ბუავა აფხაზეთში, გალში 1983 წელს დაიბადა და ომის დროს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად რუსეთში, პსკოვში გადავიდა. იმის გამო, რომ რუსეთში ოჯახმა მხოლოდ ოთხი წელი იცხოვრა, რუსეთის მოქალაქეობა ვერ მიიღეს. ოჯახი აფხაზეთში დაბრუნდა. თენზიგ ბუავა ხან აფხაზურ და ხან რუსულ სკოლებში სწავლობდა.  2005 წელს ბუავას ოჯახი საბოლოოდ გალში დაფუძნდა, სადაც აფხაზური პასპორტები მიიღო. 2014 წელს კი ეს პასპორტები ჩამოართვეს იმ მოტივით, რომ 1995-1999 წლებში მათ აფხაზეთში არ უცხოვრიათ და ეთნიკური ქართველები არიან.

შესაბამისად, უსაბუთოდ დარჩენილ თენგიზ ბუავას თბილისში საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება მოუწია.

“ისე მოხდა, რომ ქართული ენა ვერ ვისწავლე. ოჯახით ხან რუსეთში ვცხოვრობდით, ხან აფხაზეთში. დედით რუსი ვარ, თუმცა, როგორც ჩანს, არც რუსეთში ვჭირდებით ვინმეს და არც აფხაზეთში. ამიტომაც ავიღე ქართული პასპორტი”, – ამბობს თენგიზი. 

დღევანდელი დღე გვიჩვენებს, რომ სანამ პოლიტიკოსები და აქტივისტები პროტესტს გამოხატავენ, ადამიანები იმ გარემოსკენ მიილტვიან, სადაც უკეთესად და უსაფრთხოდ იგრძნობენ თავს. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი