ახალი ამბები

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ინსულტისა და ტრავმული დაზიანებების შემდგომ რეაბილიტაციას დააფინანსებს

9 ნოემბერი, 2022 • 867
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ინსულტისა და ტრავმული დაზიანებების შემდგომ რეაბილიტაციას დააფინანსებს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია დაფინანსდება.

ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებს, წლის განმავლობაში, ამ დიაგნოზით 6 000-მდე პაციენტი მიმართავს. მინისტრის თქმით, პროგრამის წლიური ბიუჯეტი კი დაახლოებით 11 მილიონი ლარია:

„ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით, ინსულტის შემდგომი, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია პაციენტებს შესაძლებლობას მისცემს, დროულად დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თვიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების ჩამოყალიბება. პროგრამა მოიცავს რეაბილიტაციის სრულ კურსს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მინისტრის თქმით, რეაბილიტაციის კომპონენტის გარდა, სამინისტრო მუშაობს ინსულტის მძიმე შედეგების პრევენციის ახალი მოდელის დანერგვაზეც:

„ინსულტის შემთხვევაზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადა მაქსიმალურად სწრაფად მოახდენს რეაგირებას და პაციენტს, ჩვენების მიხედვით, იმ კონკრეტულ კლინიკებში გადაიყვანს, სადაც მას ოპერატიულად დაეხმარებიან. აღნიშნული მოდელით იმ შემდეგი გართულებების პრევენციას მოვახდენთ, რასაც შესაძლოა, რეაბილიტაცია დასჭირდეს ან საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს პაციენტი“, – ამბობს ზურაბ აზარაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი