რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმერ სალავიოვი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მობილიზებულ ჯარისკაცებს მიმართავს, რომ შეწყვიტონ სახელმწიფოსა და სამხედრო ხელმძღვანელობის კრიტიკა შექმნილი პრობლემების გამო და „იფიქრონ სამშობლოს წინაშე საკუთარ ვალდებულებებზე“.
„თავად როგორ მოემზადეთ? რა გააკეთეთ იმისთვის საწვრთნელ ბაზაზე, რომ ბრძოლისთვის მზად იყოთ?… ფიქრობთ, რომ თქვენ წინაშე ყველა ვალშია? თქვენ თავად რა ვალში ხართ სახელმწიფოსთან მიმართებით? თქვენ რა ვალდებულება გაქვთ ქვეყნის წინაშე?“, – განაცხადა სალავიოვმა საკუთარ გადაცემაში.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც აღწერილია ის მძიმე პირობები, რაც მობილიზებული მებრძოლების საწვრთნელ ბაზებზეა შექმნილი.
როგორც წესი, ასეთ ბაზებზე არაა დაცული ჰიგიენის ნორმები, საცხოვრებელი ყაზარმები არ თბება, ჯარისკაცებს არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის, საძილე ტომრები და პირველადი დახმარების ნაკრები. ასევე, იარაღი, რომელსაც ჯარისკაცებს ურიგებენ, არის მოძველებული, ზოგჯერ კი დაჟანგულიც.
სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება ჯარისკაცების მეუღლეების ვიდეოებიც, სადაც ისინი სახელმწიფოსგან უკეთეს პირობებს მოითხოვენ.
რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ნათელი გახდა, რომ უკრაინული კონტრშეტევა იმაზე უფრო სწრაფად ათავისუფლებდა დასახლებულ პუნქტებს, ვიდრე მათი დაკავება რუსეთმა შეძლო.
ამჟამად რუსეთში დაახლოებით 300 000 პირის მობილიზაცია მოხერხდა. არაა გამორიცხული, რომ რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღებიც დაიწყოს.