ახალი ამბები

ევროპარლამენტი არაა ის სტრუქტურა, რომელიც შეაფასებს საქართველოს წინსვლას – პაპუაშვილი

8 ნოემბერი, 2022 • 683
ევროპარლამენტი არაა ის სტრუქტურა, რომელიც შეაფასებს საქართველოს წინსვლას – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით უფრო მნიშვნელოვანი ევროკომისიის შეფასებებია, ვიდრე ევროპარლამენტარების.

ამის შესახებ მან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

ანგარიშში ინიცირებულია ევროპარლამენტართა ნაწილის მიერ მომზადებული შესწორებები, რომელიც შეეხება საქართველოში მედიის თავისუფლების უზრუნველყოფას, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვასა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.

პაპუაშვილმა განცხადება ტოკიოში ვიზიტისას გააკეთა და მის კომენტარს „იმედი“  და საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტი არ არის ის სტრუქტურა, რომელიც საქართველოს წინსვლას შეაფასებს.

„ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს, როდესაც რამდენიმე დაინტერესებული ჯგუფის მხრიდან პირდაპირ პარტიული პოლიტიკის გატარება ხდება[…] აქ მთავარი არის ერთი რამე და ეს დასტური ჩვენ გვაქვს ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან – ევროპარლამენტი არ არის ის სტრუქტურა, რომელიც შეაფასებს საქართველოს წინსვლას[…] ვინც შეაფასებს საქართველოს, ეს არის ევროკომისია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


დღეს, 8 ნოემბერს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში განიხილავენ  საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშს.

ანგარიშში ინიცირებულია ევროპარლამენტართა ნაწილის მიერ მომზადებული შესწორებები, რომელიც შეეხება საქართველოში მედიის თავისუფლების უზრუნველყოფას, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვასა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.

ევროპარლამენტარებმა რამდენიმე შესწორების ცალ-ცალკე ინიცირება მოახდინეს. შესწორებების ავტორები არიან როგორც „ნაციაონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების პარტნიორები, ისე „ქართული ოცნების“ პარტნიორებიც.

მაგალითად, ერთ-ერთი შესწორება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით  საზღვარგარეთ მკურნალობას შეეხება, არიან სწორედ „ქართული ოცნების“ პარტნიორების, ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის (S&D) წევრები, სვენ მიქსერი და ნაჩო სანჩეს ამორი. მათ შესწორებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით  საზღვარგარეთ მკურნალობა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება იქნება.

თითოეულ შესწორებას კენჭი ცალ-ცალკე ეყრება. პლენარულ სხდომაზე კი აღნიშნულ მოხენებაზე 12 დეკემბერს იმსჯელებენ.

ევროპარლამენტში შესაძლოა საქართველოზე მორიგი კრიტიკული ჩანაწერები მიიღონ

მასალების გადაბეჭდვის წესი