საზოგადოება

ევროპარლამენტში შესაძლოა საქართველოზე მორიგი კრიტიკული ჩანაწერები მიიღონ

7 ნოემბერი, 2022 • 787
ევროპარლამენტში შესაძლოა საქართველოზე მორიგი კრიტიკული ჩანაწერები მიიღონ

საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშს ევროპარლამენტართა ნაწილის მიერ მომზადებული შესწორებები დაემატა, რომელიც შეეხება მედიის თავისუფლებას, ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილს.

ევროპარლამენტარებმა რამდენიმე შესწორების ცალ-ცალკე ინიცირება მოახდინეს.

კრიტიკული ანგარიშის პროექტის შესახებ, რომელიც ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა მიმდინარე წლის ზაფხულში მოამზადა, ნეტგაზეთი უკვე წერდა. თუმცა ახლა შესაძლოა, მას ახალი ჩანაწერები დაემატოს, რომელთა განხილვა ევროპარლამენტში ხვალ, 8 ნოემბერს გაიმართება საგარეო კომიტეტში. ამ მოხენებაზე 12 დეკემბერს იმსჯელებენ პლენარულ სხდომაზე .

თითოეულ შესწორებას კენჭი ცალ-ცალკე ეყრება.

მედიათავისუფლება და გვარამიას განაჩენის გადახედვა

ევროპარლამენტარების, მირიამ ლექსმანის, ვლადიმერ ბილჩიკის, მაიკლ გალერის, რასა იუკნევიჩიენეს, ანდრიუს კუბილიუსის მიერ მომზადებული შესწორება „გმობს 2022 წლის 16 მაისს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გამოტანას; აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას სააპელაციო პროცესის გადადება მიუღებელია და იმეორებს მოწოდებას გვარამიას განაჩენის გადახედვის შესახებ“.

ევროპარლამენტარების,  ანა ფოტიგას, იაცეკ ცარიუშ-ვოლსკის და ასიტა კანკოს შესწორება „მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაიცვან პლურალისტური და მრავალფეროვანი მედიალანდშაფტი საქართველოში, რომლებიც ეფუძნება მყარ საკანონმდებლო ბაზას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის უფლებების მყარი საფუძველი, მაგრამ მმართველი პარტიის მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება; ამასთან დაკავშირებით ახსენებს მოქმედი ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და „მთავარის“ ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეს და იმეორებს მის გათავისუფლების მოწოდებას“.

ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენეს შესწორება: „სამწუხაროა  კრიტიკული მედიის მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენი და სხვა კრიტიკული მედიასაშუალებების დამფუძნებლებისა და დირექტორების დევნა, კერძოდ, „ფორმულადან“ დავით კეზერაშვილის  და ტელეკომპანია „პირველიდან“ ვახტანგ წერეთელის. ასევე, ცილისწამებისთვის კრიტიკული მედიის სასამართლოში ჩივილის პრაქტიკა, როგორც დამოუკიდებელ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლა; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება“.

ევროპარლამენტარების, პეტრას აუსტრევიჩიუსის, ნატალი ლუაზას, ურმას პაეტის, რამონა სტრუგარიუს, კლემენ გროშელის, ხავიერ ნარტის შესწორება „იმეორებს შეშფოთებას საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების სერიოზული გაუარესების გამო; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და უსაფრთხო სამუშაო გარემო მედიაში დასაქმებულებისთვის და დასრულდეს კრიტიკული მედიასაშუალებების და მათი მფლობელების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და იმეორებს თავის მოწოდებას ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვის შესახებ“.

ჰუმანიტარული მიზნით სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა

ევროპარლამენტარ იაცეკ ცარიუშ-ვოლსკის ინიცირებული შესწორებაში ნათქვამია, რომ „ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მუდმივად უარესდება, ჯერ კიდევ არ აქვს სათანადო მკურნალობის საშუალება, რაც მისი სიცოცხლისთვის საფრთხეს იწვევს“.  „მოუწოდებს კომისიას, კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად მიიღოს ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული მიზნით გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, რათა მას საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის გავლის საშუალება მიეცეს“.

ევროპარლამენტარების, მირიამ ლექსმანის, ვლადიმერ ბილჩიკის, მაიკლ გალერის, რადოსლავ შიკორსკის, რასა იუკნევიჩიენეს, ანდრიუს კუბილიუსის ინიცირებული შესწორებაში ნათქვამია, რომ „ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდება, კვლავ პატიმრობაში იმყოფება“.

ევროპარლამანეტარების, სვენ მიქსერის და ნაჩო სანჩეს ამორის მიერ ინიცირებული შესწორება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სააკაშვილს ნება დართონ ჰუმანიტარული მიზნით  საზღვარგარეთ მკურნალობის, რაც იქნება პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება“.

ევროპარლამენტარების, პეტრას აუტრევიჩიუსის, ნატალი ლუაზოს, ურმას პაეტის, რამონა სტრუგარიუს, კლემენ გროშელის შესწორება, ასევე, ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენეს შესწორება „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ჰუმანიტარული მიზნით, რათა მან საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა მიიღოს“. ამავე მოწოდებას იმეორებს კიდევ ერთი შესწორება, რომელიც ევროპარლამენტარების, მირიამ ლექსმანის, ვლადიმერ ბილჩიკის, მაიკლ გალერის, რადოსლავ შიკორსკის, რასა იუკნევიჩიენეს და ანდრიუს კუბილიუსის სახელითაა ინიცირებული.

ევროპარლამენტარების, ანა ფოტიგას, იაცეკ ცარიუშ-ვოლსკის და ასიტა კანკოს ინიცირებული შესწორებაში გამოთქმულია შეშფოთება პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო. „სთხოვს ევროკავშირის ლიდერებს და ქვეყნებს, რომლებიც ამჟამად არიან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე და მომავალში იქნებიან, მოახდინონ გავლენა „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, რათა სრულად სცენ პატივი სააკაშვილის უფლებებსა და ღირსებას, შეახსენოს, რომ საქართველოს მთავრობა სრულად არის პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე; სთავაზობს  საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივები ამ საკითხის გადასაჭრელად“. მათივე შესწორებაში გამოთქმულია მწუხარება, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება ევროკავშირის პოლიტიკოსებს დაკავებულ საჯარო ფიგურების მონახულებაზე.

ჰუმანიტარული მიზნით მიხეილ სააკაშვილის  საზღვარგარეთ გადაყვანისკენ არის მოწოდება კიდევ ერთ შესწორებაში, რომელიც ინიცირებულია ურმას პაეტის, პეტრას აუსტრევიჩიუსის, რამონა სტრუგარიუს, კლემენ გროშელის  ხავიერ ნარტის მიერ. მათ შესწორებაში აღნიშნულია, რომ „სააკაშვილის ჯანმრთელობაც მნიშვნელოვნად გაუარესდა მას შემდეგ, რაც დევნილობიდან დაბრუნების შემდეგ, 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი