ახალი ამბები

დღეს ევროპარლამენტში საქართველოზე კრიტიკულ ჩანაწერებს განიხილავენ

8 ნოემბერი, 2022 • 834
დღეს ევროპარლამენტში საქართველოზე კრიტიკულ ჩანაწერებს განიხილავენ

დღეს, 8 ნოემბერს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშს განიხილავენ.

ანგარიშში ინიცირებულია ევროპარლამენტართა ნაწილის მიერ მომზადებული შესწორებები, რომელიც შეეხება საქართველოში მედიის თავისუფლების უზრუნველყოფას, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვასა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.

ევროპარლამენტარებმა რამდენიმე შესწორების ცალ-ცალკე ინიცირება მოახდინეს. შესწორებების ავტორები არიან როგორც „ნაციაონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების პარტნიორები, ისე „ქართული ოცნების“ პარტნიორებიც.

მაგალითად, ერთ-ერთი შესწორება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით  საზღვარგარეთ მკურნალობას შეეხება, სწორედ „ქართული ოცნების“ პარტნიორების, ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის (S&D) წევრები, სვენ მიქსერი და ნაჩო სანჩეს ამორი არიან. მათ შესწორებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით  საზღვარგარეთ მკურნალობა პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება იქნება.

თითოეულ შესწორებას კენჭი ცალ-ცალკე ეყრება. პლენარულ სხდომაზე კი აღნიშნულ მოხენებაზე 12 დეკემბერს იმსჯელებენ.

ევროპარლამენტში შესაძლოა საქართველოზე მორიგი კრიტიკული ჩანაწერები მიიღონ

მასალების გადაბეჭდვის წესი