ახალი ამბები

ეს არის თავის არიდება საჯარო გასაუბრებისთვის — სარჯველაძე ჯანეზაშვილზე

4 ნოემბერი, 2022 • 824
ეს არის თავის არიდება საჯარო გასაუბრებისთვის — სარჯველაძე ჯანეზაშვილზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატის, ნაზი ჯანეზაშვილის მიერ გასაუბრებაზე არმისვლა საჯარო გასაუბრებისთვის თავის არიდებაა.

მისი თქმით, მოქმედი რეგლამენტის მიხედვით, პირდაპირ არის გათვალისწინებული კანდიდატებთან საჯარო გასაუბრება და ამის დანიშნულება არა მხოლოდ დეპუტატების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაა, არამედ საზოგადოების ინფორმირების საშუალებაც.

სარჯველაძის თქმით, ჯანეზაშვილის განცხადება ასევე არის ერთგვარი უპატივცემულობა კომიტეტზე მსხდომი დეპუტატების მიმართ, რადგან მათ არ აძლევს შესაძლებლხობას, ისარგებლონ კუთვნილი უფლებით და მას კითხვა დაუსვან.

„ეს იმავდროულად არის სხვა კანდიდატების შეურაცხყოფაც, რომლებიც მონაწილეობენ პროცესში და მათი არჩევანი პატივისცემას იმსახურებს.

ვფიქრობ, ეს  არის საზოგადოების უპატივცემულობაც იმიტომ, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, ყველა კანდიდატზე იყოს ინფორმირებული თანასწორად და თანაბრად“, — განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, ჯანეზაშვილმა, პროცედურებთან და ხელისუფლების განწყობებთან პრეტენზიის მიუხედავად, პროტესტი გამოუცხადა არა პროცედურას და მონაწილეობას, არამედ ერთ-ერთ ეტაპს, რომელიც  საჯარო გასაუბრებაა.

მისი თქმით, ეს საკმაოდ „უხერხული განცხადება“ იყო და აქედან ორი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს:

  1. „ქალბატონმა ნაზიმ გადასარევად იცის, რომ არავითარი წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობა ხელისუფლების არ არსებობს და რაც მანამდეც ითქვა, კრიტიკული კითხვა-პასუხი ნიშნავს იმას, რომ მოწადინებული ვართ, რაც შეიძლება სრული ინფორმაცია მივიღოთ ჩვენთვისაც და საზოგადოებაც იყოს სრულად ინფორმირებული;
  2. მე მეჩვენება, რომ ეს არის თავის არიდება საჯარო გასაუბრებისთვის იმიტომ, რომ აშკარად სახეზეა, ეს შეხედულებები ახლოს დგას პოლიტიკურად მიკერძოებულ განცხადებებთან, რომელიც უკავშირდება ამ პროცედურების დამცირებას და დაკნინებას.

მე ვშიშობ, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს და ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ გასაუბრებაზე არმოსვლა შეიძლება ნაკარნახევი იყოს ერთი კონკრეტული  მიზეზით, რომ შეიძლება ვერაფრით ვეღარ აიხსნას ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან შეთავაზებული ნარატივი, თითქოსდა აზრი არ აქვს, და ფარსის სახეს ატარებს ეს გასაუბრება. ეს, გარდა იმისა, რომ შეურაცხმყოფელია დეპუტატებისა და კანდიდატებისთვის, ეს იმავდროულად ძალიან ულამაზოა“, — განაცხადა სარჯველაძემ.


სახალხო დამცველობის კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე გასაუბრებაში მონაწილეობას არ აპირებს.

თუმცა, ჯანეზაშვილის თქმით, საკუთარ კანდიდატურას არ მოხსნის. ამის შესახებ მან დღეს, 4 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანეზაშვილთან გასაუბრება კომიტეტში დღეს იყო დაგეგმილი. ის ერთ-ერთია იმ სამ კანდიდატს შორის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველობის კანდიდატებად წარადგინეს.

ჯანეზაშვილის თქმით, გასაუბრების პროცესში კანდიდატებისთვის ახსნა-განმარტების მოთხოვნა იმის გამო, რომ წარსულში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები აქვთ გაკეთებული, გასაუბრებების საფუძველზე კანდიდატების შერჩევას არ ემსახურება.

მისი თქმით, ეს არის ერთგვარი შოუ, რომელშიც მონაწილეობას არ აპირებს. ამასთან, ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ პარლამენტის რეგლამენტით გასაუბრებაზე გასვლა სავალდებულო არ არის.

ომბუდსმენობის კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენეტში გასაუბრებაზე არ მივა

მასალების გადაბეჭდვის წესი