ახალი ამბები

ომბუდსმენობის კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენეტში გასაუბრებაზე არ მივა

4 ნოემბერი, 2022 • 1159
ომბუდსმენობის კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენეტში გასაუბრებაზე არ მივა

სახალხო დამცველობის კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე გასაუბრებაში მონაწილეობას არ აპირებს.

თუმცა, ჯანეზაშვილის თქმით, საკუთარ კანდიდატურას არ მოხსნის. ამის შესახებ მან დღეს, 4 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანეზაშვილთან გასაუბრება კომიტეტში დღეს იყო დაგეგმილი. ის ერთ-ერთია იმ სამ კანდიდატს შორის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველობის კანდიდატებად წარადგინეს.

ჯანეზაშვილის თქმით, გასაუბრების პროცესში კანდიდატებისთვის ახსნა-განმარტების მოთხოვნა იმის გამო, რომ წარსულში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები აქვთ გაკეთებული, გასაუბრებების საფუძველზე კანდიდატების შერჩევას არ ემსახურება.

მისი თქმით, ეს არის ერთგვარი შოუ, რომელშიც მონაწილეობას არ აპირებს. ამასთან, ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ პარლამენტის რეგლამენტით სავალდებულო არ არის გასაუბრებაზე გასვლა.

„თავდაპირველად ჩემი ინტერესი იმისა, რომ ამ პროცესში მიმეღო მონაწილეობა, განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოსათვის ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თვალსაზრისით და მივიჩნიე, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო გამონაკლისი და ხელისუფლებას მართლა შეეძლო კომპრომისის შედეგად შეერჩია პრინციპული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კანდიდატი.

თუმცა, სამწუხაროდ, გასაუბრების პროცესმა მე არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ისინი რეალურად ისახავენ მიზნად, შეარჩიონ ასეთი კანდიდატი, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის მისაღები, დამოუკიდებელი, პრინციპული, კვალიფიციური და დააკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანას ჰყავდეს ძალიან ღირსეული სახალხო დამცველი“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატებთან გასაუბრებები მეორე კვირაა მიმდინარეობს და დღეს სრულდება.


მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.

პარლამენტმა სახალხო დამცველი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით, ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. დღეს პარლამენტში კი 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის, არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.

სახალხო დამცველის შესარჩევ კონკურსში სულ 19 კანდიდატი მონაწილეობს. პარლამენტის კომიტეტზე მოსმენამდა კანდიდატები შეფასების სამუშაო ჯგუფმა  შეაფასა და შესაბამისი ქულები დაუწერა. როგორც კომისიის შეფასებების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, 19 პირიდან ყველაზე მაღალი ქულები ანა აბაშიძემ, ნაზი ჯანეზაშვილმა, ნუგზარ კოხრეიძემ და გიორგი ბურჯანაძემ (მოქმედი ომბუდსმენის პირველი მოადგილე) მიიღეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი