ახალი ამბები

ყველაფერი, რასაც პოლიტიკური დევნის სახე აქვს, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის – დეგნანი

3 ნოემბერი, 2022 • 683
ყველაფერი, რასაც პოლიტიკური დევნის სახე აქვს, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის – დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ეხმაურება ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ყველაფერი, რაც პოლიტიკურ დევნას ჰგავს, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ მან დღეს, 3 ნოემბერს ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ ისაუბრა.

ჟურნალისტებმა დეგნანს “მთავარი არხის” დამფუძნებლის შესახებს სააპელაციო სასამართლოს 2 ნოემბრის გადაწყვეტილების შეფასება სთხოვეს და ჰკითხეს, როგორ იმოქმედებდა ეს საქართველოზე ევროკომისიის რეკომენდაციების ფონზე. ასევე სთხოვეს მმართველი პარტიის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასება, სადაც “ოცნების” ლიდერი აშშ-ის საელჩოს გუშინდელ განცხადებას აფასებს სასამართლო დამოუკიდებლობაში პირდაპირ ჩარევად. აღნიშნულ შეკითხვებზე დეგნანმა უპასუხა:

“ყველაფერი, რასაც აშშ საქართველოსთვის აკეთებს ბოლო 30 წლის განმავლობაში, არის დაცული დემოკრატიული მომავლის შესახებ ქართველი ხალხის მკაფიო გადაწყვეტილების მხარდასაჭერად. მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა ცენტრალური მნიშვნელობისაა ამ მომავალში და ყველაფერი, რასაც პოლიტიკურ დევნის სახე აქვს, ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეში აყენებს.

ქართველმა ლიდერებმა, მათ შორის მმართველმა პარტიამ, საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი ხალხის წინაშე პირობა დადეს, რომ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდნენ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გზაზე. ყველაფერი, რაც ხელს უშლის ან თუნდაც რისკის ქვეშ აყენებს მას, შემაშფოთებელია.

აშშ-ში ჩვენ ვიცავთ და ვაფასებთ ჩვენი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, რადგან ვიცით, მიუკერძოებელი სასამართლო ჩვენი დემოკრატიის ფუნდამენტია და ეს გვაძლევს მდგრადობასა და ძალას, რომ გავუმკლავდეთ მკვეთრ გამოწვევებს და დროის გამოცდას.

იგივე გვინდა ქართველი ხალხისთვისაც. ქართველმა ხალხმა არაერთხელ თქვა, რომ სურთ ძლიერი დემოკრატია, სურთ ევროატლანტიკური მომავალი. აშშ გააგრძელებს მხარდაჭერას ამ მისწრაფებების მიღწევაში, ეს არის, რასაც ვაკეთებთ 30 წელია და რის კეთებასაც გავაგრძელებთ, რადგან ნამდვილად გვჯერა საქართველოს წარმატების”, – განაცხადა მან.


თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

გვარამიას სააპელაციო სარჩელს განიხილავდნენ მოსამართლეები – მერაბ ჯორბენაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე და დავით მამისეიშვილი.

გადაწყვეტილება 2 ნოემბერს, 11:10 საათისთვის, გამოაცხადა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არაერთმა პოლიტიკოსმა თუ ორგანიზაციამ მოუწოდა, შეიწყალოს ნიკა გვარამია.

პრეზიდენტმა 2 ივნისს, – როცა გვარამია ახლად დაპატიმრებული იყო, – განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებდა, თუმცა თქვა, რომ ეს „პოლიტიკურად არ იყო დროული“.

2 ნოემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი თუ შეიწყალებს გვარამიას, „ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა“.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი