ახალი ამბები

აშშ-ის საელჩოს განცხადება პირდაპირი ჩარევაა სასამართლოს დამოუკიდებლობაში – კობახიძე

3 ნოემბერი, 2022 • 632
აშშ-ის საელჩოს განცხადება პირდაპირი ჩარევაა სასამართლოს დამოუკიდებლობაში – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევაა. ამის შესახებ მან დღეს, 3 ნოემბერს, ჟურნალისტებთან განაცხადა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც საელჩო ღრმა შეშფოთებას გამოხატავას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვეს. საელჩოს განცხადებით, გვარამიას დაკავება „რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს – უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა“.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება სასამართლოს დამოუკიდებლობას და სამართლის უზენაესობას „სხვანაირად უდგება“.

„რა თქმა უნდა, ცოტა მძიმედ უნდა შევაფასო ასეთი განცხადებები. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვკადრულობთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე რაიმე ფორმით ზემოქმედებას. გუშინ ვნახე აშშ-ის საელჩოს განცხადება, ეს იყო პირდაპირი ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში, რაც, ბუნებრივია, ძალიან მძიმეა. მე სხვა შეფასებას ამას ვერ მივცემ.

რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორც საკუთარ, ასევე სხვა ქვეყანაში. ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო. ჩვენ სხვანაირად ვუდგებით სასამართლოს დამოუკიდებლობას და სამართლის უზენაესობას“, — განაცხადა კობახიძემ.


თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

გვარამიას სააპელაციო სარჩელს განიხილავდნენ მოსამართლეები – მერაბ ჯორბენაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე და დავით მამისეიშვილი.

გადაწყვეტილება 2 ნოემბერს, 11:10 საათისთვის, გამოაცხადა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არაერთმა პოლიტიკოსმა თუ ორგანიზაციამ მოუწოდა, შეიწყალოს ნიკა გვარამია.

პრეზიდენტმა 2 ივნისს, – როცა გვარამია ახლად დაპატიმრებული იყო, – განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებდა, თუმცა თქვა, რომ ეს „პოლიტიკურად არ იყო დროული“.

2 ნოემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი თუ შეიწყალებს გვარამიას, „ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა“.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი