საზოგადოება

სააპელაციო სასამართლომ გვარამია პატიმრობაში დატოვა

2 ნოემბერი, 2022 • 938
სააპელაციო სასამართლომ გვარამია პატიმრობაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

გვარამიას სააპელაციო სარჩელს განიხილავდნენ მოსამართლეები – მერაბ ჯორბენაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე და დავით მამისეიშვილი.

გადაწყვეტილება 2 ნოემბერს, 11:10 საათისთვის, გამოაცხადა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ.

გვარამიასა და მასთან ერთად მსჯავრდებული კახა დამენიას საჩივრები მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, ბრალის დამძიმება კი, ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, ზვიად იაშვილი, გამართლდა.

დამენიას ბრალი გადაუკვალიფიცირდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, ბრალდებულად იქნა ცნობილი და 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლითაც ჰქონდა გამოტანილი. ეს ეხებოდა 2015 წლის ეპიზოდს, სადაც ბრალდების მტკიცებით ზიანმა 6 763 509 ლარი შეადგინა. საქალაქო სასამართლომ სასჯელის სახედ 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიყენა.

3 წლითა და 6 თვით პატიმრობა გვარამის მისჯილი ჰქონდა 2019 წლის ეპიზოდზე, სადაც ბრალდების მტკიცებით ზიანმა 66 271 ლარი შეადგინა (მანქანის საქმეზე).

სააპელაციო სასამართლომ გვარამიას მანქანის ნაწილში დაუტოვა სასჯელად 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, ხოლო 2015 წლის ეპიზოდში, ნაცვლად ჯარიმისა, ასევე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.


ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა.

გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 3-ნახევარი წლით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა.

პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას არაერთი კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი